მთავარი არხის ჟურნალისტ ემა გოგოხიასა და მის ოპერატორზე ნიკა გვალიაზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებული ორი პირი ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 15-15 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
ბრალდებულებმა და მათმა ადვოკატებმა სასამართლო სხდომის დარბაზი მედიასთან კომენტარის გარეშე დატოვებს. ბრალდების მხარე აპირებს, რომ სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გაასაჩივროს.
დაზარალებული ჟურნალისტი ემა გოგოხია განმარტავს, რომ ხელისუფლება და მას დაქვემდებარებული სასამართლო სწორედ ასეთი გადაწყვეტილებებით ახდენს ჟურნალისტებზე თავდასხმების წახალისებას და აქედან გამომდინარეობს დაუსჯელობის სინდრომიც.
25 აგვისტოს
მესტიის მუნიციპალიტეტში, მთავარი არხის ჟურნალისტს, ემა გოგოხიასა და მის ოპერატორს, ნიკა გვალიას თავს დაესხნენ. მათი განცხადებით, ჟურნალისტებს თავდამსხმელებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და კამერა, მიკროფონი, გადამცემი და პირადი ტელეფონი წაართვეს.
არხის ცნობით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა მედიის წარმომადგენლები ერთ-ერთ საამქროში კადრებს იღებდნენ. როგორც ემა გოგოხია მთავარ არხთან ამბობდა, თავდამსხმელებმა ისინი "ალყაში მოაქცია".
გოგოხიას განცხადებით, თავდამსხმელებმა ტექნიკა დაუბრუნეს მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ პოლიცია გამოიძახეს, თუმცა სანაცვლოდ, მასალის წაშლა მოითხოვეს. ჟურნალისტის თქმით, ისინი ოპერატორს დაემუქრნენ, რომ თუ მასალას გაუშვებდნენ, საქმეს "გაურჩევდნენ".