logo
ENG



მთავრობა: დავეხმარებით ავარიისას დაღუპულთა საზღვარგარეთიდან მომავალ ოჯახის წევრებს

25 აგვ 202016:03
3 წუთის საკითხავი
 

შატილის გზაზე მომხდარი ავარიისას დაღუპულთა ოჯახის წევრებს, რომლებიც საზღვარგარეთიდან ბრუნდებიან, საზღვრის კვეთის შემდგომ პროცედურებში საქართველოს მთავრობა დაეხმარება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა Facebook გვერდზე აქვეყნებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მას შემდეგ რაც სოციალურ ქსელის მეშვეობით დაღუპულთა ოჯახის წევრები, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან უკან დასაბრუნებლად დახმარებას ითხოვდნენ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მათ დაუკავშირდა. ტურიზმის ეროვნული ცენტრი შესაბამისი სახეწელმწიფო უწყებების დახმარებით ქვეყანაში მათ სწრაფ დაბრუნებას უზრუნველყოფს.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი გარდაცვლილის ოჯახის წევრი, საქართველოში აზერბაიჯანის მხრიდან შემოვა. ასევე შედგა კომუნიკაცია ისრაელში საქართველოს საელჩოსთან და გარდაცვლილის ოჯახის წევრები ისრაელიდანაც ჩამოვლენ.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, დაღუპულთა ოჯახის წევრებს საზღვარზე ცალკე გამოყოფილი ავტომობილები დახვდებათ. მათ ჩაუტარდებათ PCR ტესტირება და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, მაქსიმუმ 24 საათში შეძლებენ კარანტინის დატოვებას. კორონავირუსზე ტესტირება მათ 72 საათში ერთხელ ჩაუტარდებათ.

23 აგვისტოს, შატილის გზაზე ავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი მძიმედ დაშავდა. სამგზავრო მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

 

 


close დახურვა