logo
ENG



მთავრობა დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებებს გეგმავს

25 ივლ 202217:26
3 წუთის საკითხავი
 
მთავრობა დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებებს გეგმავს
ფოტო: ვახო ქარელი

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, დღევანდელ სხდომაზე მინისტრებმა განიხილეს დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები, "რომლის მიხედვითაც მოწესრიგდება დიპლომატიურ სამსახურში როტაციის ციკლი, რომლითაც დარეგულირდება საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში თანამშრომლეთა გრძელვადიანი მივლინებით წარგზავნის წესი და ვადები". 

ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა ცვლილებები შევა კანონში. 

საქართველოს მთავრობას ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტთან საკონსტიტუციო დავა აქვს. 

საკონსტიტუციო სარჩელი „საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, რომელიც მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩებისა და დიპლომატების დანიშვნაზე პრეზიდენტის უარის კონსტიტუციურობას აფასებს, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა განსახილველად 2022 წლის 25 ივნისს მიიღო. 

მთავრობა ითხოვს განმარტებას, საქართველოს ელჩების და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნასა და გათავისუფლებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნაზე.

საქართველოს მთავრობის მტკიცებით, ბოლო ერთ წელში პრეზიდენტმა არაერთხელ დატოვა რეაგირების გარეშე მთავრობის მიერ დასანიშნად წარდგენილი ელჩების კანდიდატები.

ამ ინფორმაციას მალევე უპასუხა სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციამ, სადაც წერია, რომ პრეზიდენტისა, თუ მისი ადმინისტრაციის ტყუილში დადანაშაულება, რომელიც ზრდილობასაც და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, იწვევს საზოგადოებაში არასასურველ დაძაბულობას, როცა ჩვენს ირგვლივ ბევრად უფრო საკვანძო საკითხები წყდება.

მთავრობას არ მოსწონს, რომ სალომე ზურაბიშვილმა უარი თქვა გაეროში საქართველოს ელჩად აშშ-ში ამჟამინდელი ელჩის, დავით ბაქრაძის დანიშვნაზე. 

ზურაბიშვილის განცხადებით, მას შემდეგ რაც პრეზიდენტი გახდა, 37 ელჩი იქნა წარდგენილი და აქედან 36-ის დანიშვნას ხელი მოაწერა, "დავით ბაქრაძეს კი აშშ-ში 5-წლიანი მუშაობის დროს არაფერი გაუკეთებია აშშ-საქართველოს ურთიერთობებისთვის". 


close დახურვა