logo
ENG



მთავრობამ პარაპლანით ფრენასთან დაკავშირებულ საკითხებზე პროექტი დაამტკიცა

08 მაი 202319:32
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/08/3xrnbrykfmh9ohi.jpg

დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა პროექტი, რომელიც პარაპლანით ფრენასთან დაკავშირებულ საკითხებსა და უსაფრთხოების სტანდარტებს განსაზღვრავს.

წარმოდგენილი პროექტით მტკიცდება "პარაპლანით ფრენების წარმოების, ექსპლუატაციის, უსაფრთხოებისა და ამ წესით განსაზღვრული საქმიანობისთვის დადგენილი საფასურების ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის დროებითი წესი".

პროექტი განსაზღვრავს პროცესში ჩართულ პირთა უფლება-მოვალეობებს, საფრენი ლოკაციის ვარგისიანობის დადგენის მოთხოვნას და შესაბამის წესს, ოპერატორის სერტიფიცირების საკითხს, მოთხოვნებს მფრინავის მიმართ, მფრინავთა კატეგორიებს/ქვეკატეგორიებს, მათი მინიჭების/აღიარების და გამოცდის ჩატარების წესს, პარაპლანისა და მისი ელემენტების ვარგისიანობის დადგენის მოთხოვნას და შესაბამის პროცედურას, ფედერაციის კომპეტენციასა და უფლება-მოვალეობებს, ზედამხედველობას ფედერაციის საქმიანობაზე, წესით გათვალისწინებული შესაბამისი საქმიანობის განსახორციელებლად დაწესებული საფასურების ოდენობას და სხვა.

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, პარაპლანით ფრენას ის პირები შეძლებენ, რომლებსაც შესაბამისი გამოცდა ჩაბარებული ექნებათ.

"ჩვენ ვნახეთ არაერთი შემთხვევა, მათ შორის, სამწუხაროდ, უბედური შემთხვევებიც და ტრაგედიებიც, რა თქმა უნდა, ფედერაცია, რომელიც არ არის ჩვენი სამინისტროს მიერ აღიარებული, დღეს დამტკიცებულ წესის თანახმად, სწორედ ეს ფედერაცია აქტიურად იყო ამ წესის შემუშავებაში ჩართული, უკვე გარკვეულ რეგულაციებს იღებს, რომელიც არის საკმაოდ მკაფიო და იმედი მაქვს, მთავრობის ეს აქტი კანონად გადაიქცევა. ეს ფედერაცია ხდება სწორედ გამოცდების ჩატარებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაცია, ვინაიდან ამ წესის მიღების შემდეგ ვერც ერთი ინდმეწარმე, იურიდიული პირი ვერ განახორციელებს ფრენას, თუ თვითონ მფრინავი არ არის პროფესიონალი და არ აქვს ჩაბარებული გამოცდა. ასევე, ამ წესის თანახმად თავად აპარატურა უნდა იყოს გამართული.

ასევე, მონიტორინგს განახორციელეს ფედერაცია და ფედერაციაზე სახელმწიფო ზედამხედველობას განახორციელებს ეკონომიკის სამინისტროს საჰაერო ნავიგაციის სააგენტო. შსს-ს ექნება ფუნქცია, რომ როდესაც ფედერაცია განსაზღვრავს ფრენისათვის ვარგის არეალებს, რომელიც მიღმაც ფრენა აკრძალული იქნება, სწორედ ამ არეალის ფარგლებში წესების დაცვაზე პასუხისმგებელი იყოს ფედერაცია და საჭიროების შემთხვევაში, ამ წესების აღსრულების საკითხში დახმარება აღმოუჩინოს ფედერაციას შსს-მ და ასევე, ამავე სამინისტრომ უზრუნველყოს ის, რომ აღკვეთოს მოცმული არეალების მიღმა ნებისმიერი ფრენა, რომელიც უკანონო ფრენა იქნება"- თქვა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

წესი არეგულირებს პარაპლანით კომერციულ, არაკომერციულ და საწვრთნელ-სავარჯიშო ფრენებს. წესი არ ვრცელდება ექსპერიმენტულ და საჩვენებელ ფრენებზე, თუმცა ასეთი სახის ფრენების შესრულებაზე განისაზღვრება გარკვეული მოთხოვნები.


close დახურვა