logo
ENG



მთავრობას ჯარიმების დაწერა უნდა - ნავთლუღის ბაზარში მოვაჭრეებს მუშაობის საშუალება არ აქვთ

27 აპრ 202014:06
3 წუთის საკითხავი
 

დღეიდან საქართველოში ღია აგრარული ბაზრები იხსნება. შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, მუშაობა არ განუახლებია ნავთლუღის ბაზარს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს ვერ აკმაყოფილებს. ფაქტმა ადგილზე დასაქმებული მოვაჭრეების გაღიზიანება გამოიწვია.

ბაზრობის პერიმეტრზე გარევაჭრობა მიმდინარეობს, სადაც უსაფრთხოების ყველანაირი ნორმა დარღვეულია. როგორც მოვაჭრეები ფიქრობენ, მთავრობამ ეს სიტუაცია ჯარიმების დასაწერად შექმნა.

„გამოცხადდა პრემიერის მიერ, რომ გაიხსნება ბაზრობაო, მაგრამ არაფერიც არ გახსნილა. ისეთ რაღაცას სთხოვენ ადმინისტრაციას, რომ გაუსაძლისია. უფრო ვფიქრობ, რომ ჯარიმები კარგად წერონ და მთავრობამ ფულები ჩაიდოს. სახლში მშიერი მყავს შვილიშვილი, რა ფული უნდა გადავიხადო“, - აცხადებს ერთ-ერთი მოვაჭრე.

ნავთლუღის ბაზარში დასაქმებული კიდევ ერთი მოქალაქე „ფორმულასთან“ საუბარში აცხადებს, რომ ხალხს მუშაობის უფლებას არ აძლევენ. 

„არ მოგვცეს უფლება, არავის უკითხავს არაფერი. დაკეტილია ბაზარი. არაფრის საშუალებას არ გვაძლევენ. ალბათ, არ შესრულდა რეკომენდაციები, ხალხი ველოდებით აქ“, - განაცხადა მოქალაქემ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო დაწესებული საგანგებო სიტუაციის შედეგად დაწესებული შეზღუდვების ნაწილობრივ შემსუბუქება დღეიდან დაიწყო. ერთ-ერთი შეზღუდვა სწორედ აგრარულ ბაზრებს შეეხო, მაგრამ მათ მკაცრი რეკომენდაციების დაცვაც დაევალათ. 

ამავე თემაზე: თელავის ბაზარი გახსნიდან რამდენიმე საათში დააჯარიმეს და დაკეტეს.

 


close დახურვა