მთავრობის ადმინისტრაციასთან სტენსილის გაკეთების დროს ორი აქტივისტი დააკავეს - ნიკა ნარსია და ოთო გურგენიძე.
აქ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა. მას შემდეგ, რაც შეკრებილებმა სიტყვით გამოსვლები დაასრულეს, მათ სცადეს, გაეკეთებინათ სტენსილი "თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს".
პოლიციელებმა მათ ამის უფლება არ მისცეს. როგორც განმარტეს, სახელმწიფო ადმინისტრაციულ შენობასთან მსგავსი წარწერების გაკეთება დაუშვებელია.
დღევანდელი აქციის ორგანიზატორი მოძრაობა საქართველოა. მისი წევრების თქმით, ექსპრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით აქციები ყოველდღე გაიმართება.
ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ დევნილი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1-ლ ოქტომბერს დააკავეს. მანამდე, დილით, სააკაშვილმა ვიდეოები გამოაქვეყნა და თქვა, რომ ბათუმშია. მთელი დღის განმავლობაში მმართველი გუნდი ამტკიცებდა, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოში არ არის, საღამოს კი პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ის დააკავეს.
პროკურატურის ინფორმაციით, ის საქართველოში 30 ოქტომბერს, ფარულად შემოვიდა. მისი დახმარებისთვის დაკავებულია 3 ადამიანი.
დაკავების დროიდან სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და უკვე მე-18 დღეა, პროტესტის უკიდურეს ფორმას აგრძელებს.