ქართული ოცნების დეპუტატისა და გენდერული საბჭოს წევრის, ნინო წილოსანის განცხადებით, თინა ბოკუჩავასა და შალვა პაპუაშვილს შორის მომხდარ ძალადობაზე იმსჯელეს და დაადგინეს, რომ ქალის მიმართ მიზანმიმართული ძალადობა არ ყოფილა.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო გამოგვევლინა, იყო თუ არა გენდერულად, სპეციალურად ქალის მიმართ მიმართული დისკრიმინაცია.
საბჭომ იმსჯელა ამ თემაზე, განსხვავებით სხვა საბჭოებისგან და ჩვენ დავადგინეთ, რომ მიზანმიმართულად ქალის მიმართ ძალადობას არ ჰქონია ადგილი.
თუმცა, მე ვისურვებდი, თითოეულ შემთხვევაში პარლამენტის ნებისმიერი წევრი, ეს იქნება ჩემი კოლეგა მმართველი გუნდიდან, თუ განსაკუთრებით ოპოზიციიდან, რომლებიც განსაკუთრებით გამოირჩევიან აგრესიით, პატივი სცენ ჩვენი საზოგადოების განვითარების მნიშვნელობას და იმ მაგალითს ნუ მისცემენ პარლამენტში, რომელიც შემდგომ არ უნდათ საზოგადოებამ გადააკოპიროს", - ამბობს წილოსანი.
საქმე ეხება 18 ივლისს პლენარულ სხდომათა დარბაზში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ქართული ოცნების დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა ნაციონალური მოძრაობის წევრი თინა ბოკუჩავა, ტრიბუნიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პარლამენტის თავმჯდომარესთან კახა კუჭავასთან მისვლას აპირებდა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ამის საშუალება არ მისცა და ბოკუჩავა კუჭავასთან არ მიუშვა.
აღნიშნულს ბოკუჩავასა და პაპუაშვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.