ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი აკაკი მინაშვილი აცხადებს, რომ პირადად ვერ ხედავს აზრს, მისი პარტიის წარმომადგენელი იყოს დელეგაციაში, რომელიც ქართულ ოცნებასთან ერთად უკრაინაში წავა. ფორმულასთან საუბარში მანვე დაამატა, რომ ამ თემაზე დისკუსია გრძელდება და გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა.
"მე პირადად, ვერ ვხედავ აზრს, მნიშვნელობას ამ დელეგაციაში მონაწილეობის, თუმცა დისკუსია გრძელდება, საუბრები გრძელდება, საბოლოო შედეგს ვნახავთ. [...]
ქართული ოცნების მხრიდან მთელი ამ დღეების განმავლობაში მცდელობაა, რომ როგორმე არ წასულიყვნენ უკრაინაში. სინამდვილეში მოუწიათ ამ ვიზიტის განხორციელება ბევრი ფაქტორის გამო, განწყობას ხედავენ", - თქვა მინაშვილმა.
დღეს დილით პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დაადასტურა, რომ მის კოლეგასთან, რუსლან სტეფანჩუკთან უკრაინაში ჩასვლის მზაობა გამოთქვა.
როგორც პაპუაშვილი წერს, სტეფანჩუკთან კომუნიკაციამ, ისევე, როგორც მისმა ინტერვიუმ იმედის ეთერში, დაარწმუნა, რომ უკრაინაში მის ვიზიტს "ყველა უხერხულობის და გაუგებრობის მოგვარება" შეუძლია.
გუშინ, 12 აპრილს იმედის ეთერში ინტერვიუსას უკრაინის რადას თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა შალვა პაპუაშვილის მიწვევა.
"მზად ვარ მასთან განვიხილო ყველა დეტალი, მისი უკრაინაში ვიზიტისა", - თქვა სტეფანჩუკმა [იმედის სინქრონული თარგმანი].
მან, ასევე მადლობა გადაუხადა პარლამენტის დელეგაციას, რომელიც კიევში ჩასვლას აპირებს და განაცხადა, რომ ორგანიზებას გაუწევენ იმას, რათა ვიზიტი წარმატებული იყო.
12 აპრილს ქართული ოცნების ლიდერები და ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტში შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში დელეგაციით წავლენ. როგორც დეპუტატები ამბობენ, დელეგაცია უკრაინაში სავარაუდოდ კვირის ბოლოს ჩავა.
როგორც პარტია მოქალაქეების ლიდერი, ლევან იოსელიანი ამბობს, დელეგაციაში ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი იქნება.
ვინ და რამდენი გაემგზავრება უკრაინაში მმართველი გუნდიდან, ჯერჯერობით უცნობია.