logo
ENG



მინაშვილი: ქართული ოცნება იძულებული გახდა, თამარ ჟვანია გადაეყენებინა

30 ივნ 202115:31
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობის წევრის, აკაკო მინაშვილის თქმით, თამარ ჟვანიას ცენტალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა "დაატოვებინეს".

როგორც მინაშვილმა გადაცემა კომენტარში განაცხადა, საზოგადოებრივი წნეხის და საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლის შედეგად, მმართველი გუნდი იძულებული გახდა, ჟვანია გადაეყენებინა.

"ცხადია, რომ [თამარ ჟვანიას] თანამდებობა დაატოვებინეს. საზოგადოებრივი წნეხის შედეგად, საერთაშორისო პარტნიორების, პარტიების, სამოქალაქო აქტივისტების ზეწოლის შედეგად, ქართული ოცნება იძულებული გახდა, რომ გადაეყენებინა თამარ ჟვანია.

თამარ ჟვანია რომ მათ პოლიტიკურ ხაზს იზიარებდა ეს ყველა მიმართულებით ცხადი იყო. ყველაზე კარგად ეს დავების განხილვის თემაში გამოჩნდა 2020-ის არჩევნების შემდეგ, როდესაც აბსოლიტური უმრავლესობა საჩივრების ტექნიკური მიზეზებით არ მიიღო ცესკომ.

თქვენ ნახეთ განსხვავებაც განცხადებებს შორის - ერთი კვირის წინ ქალბატონი ჟვანია ამბობდა, რომ ის არ აპირებდა გადადგომას და მის უკან სიმართლე იყო, სინამდვილეში, ამ წნეხის შედეგად მოუწიათ ამ ნაბიჯის გადადგმა", - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

თამარ ჟვანიამ, რომელიც სულ რაღაც ერთი კვირის წინ ამბობდა, რომ ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებას არ აპირებდა, დღეს გადადგომის შესახებ განაცხადა. მან Facebook-ზე დაწერა, რომ თანამდებობაზე ყოფნა კიდევ ორ წელზე მეტი ხნით შეეძლო, თუმცა, მიაჩნია, რომ შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე მიღებულმა საარჩევნო რეგულაციებმა ახალი რეალობა მოიტანა. ჟვანიას თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ახალი წესით არჩევა ფართო პოლიტიკური თანხმობისთვის დამატებითი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება.

თამარ ჟვანიას გადადგომას ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ითხოვდა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა, გაყალბებაში მონაწილეობა კი თავად ჟვანიამ მიიღო.


close დახურვა