„ქართული ოცნების“ ოფისთან დაკავებული აქტივისტები მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს. მოძრაობის „შეცვალე" დაკავებულ წევრებს მათი ადვოკატი, აკაკი მინაშვილი შეხვდა. მისი განცხადებით, აქტივისტები გაყალბებული ბრალდებებით არიან დაპატიმრებულები.
„დაკავებულია ყველა გაყალბებული ბრალდებებით. სამი ხულიგნობის გამო დააკავეს, თითქოს ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენეს. ერთი დააკავეს იერსახის დამახინჯებისთვის. არც ერთი წაყენებული საკითხი ნამდვილი არ არის, ყველაფერი ეს ყალბია, როგორც ეს ხელისუფლება. ოთხივე დაკავებული ძალიან მხნედაა. მათ არაფერი დაუშავებიათ, მაგრამ ამ სასამართლოს ხელში არაფერს გამოვრიცხავ, მათ შორის არც პატიმრობას,“ - განაცხადა მინაშვილმა.
სამმართველოსთან იყვნენ შეკრებილები „შეცვალეს" სხვა აქტივისტებიც. მათ ნიკა ფარულავას, ბექა პაპაშვილის, ოთო შენგელიასა და ტიტე გედენიძის დაკავება გააპროტესტეს. როგორც მოძრაობის წევრმა ნიკა ნოზაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართული ოცნება" შეშინებულია.
„ჩვენი ხუთი აქტივისტია უკვე დაკავებული. ჩვენ მოვედით ქალაქის მთავარ სამმართველოსთან, რათა ჩვენი ხმა გავაგონოთ და გავამხნევოთ დაკავებულები. „ქართული ოცნებისთვის“ ყოველი ახალი დღე იქნება უფრო და უფრო მძიმე, რადგან არიან შეშინებულები და ეს გვაძლევს სტიმულს, რომ რაც შეიძლება მალე დავასრულოთ ესენი", - განაცხადა ნოზაძემ.
შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია „შეცვალეს" წევრები "ოცნების" ოფისთან მაშინ დააკვეს, როდესაც ისინი ბიძინა ივანიშვილის დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრას აპროტესტებდნენ.