logo
ENG



მისი ფიგურა ინტერესს არ წარმოადგენს - ოპოზიციის ნაწილი ღარიბაშვილს ბოიკოტს უცხადებს

12 ივნ 202010:00
3 წუთის საკითხავი
 

საკანონმდებლო ორგანოში დღეს თავდაცვის მინისტრი მივა. ირაკლი ღარიბაშვილი დეპუტატების წინაშე მინისტრის საათის ფორმატში წარსდგება და წლიურ ანგარიშს წარადგენს.

საკანონმდებლო ოპოზიციის ნაწილი მინისტრს ბოიკოტს უცხადებს და სხდომას არ დაესწრება. ხელისუფლების ოპონენტების მოსაზრებით, ღარიბაშვილის ფიგურა არც ისე საინტერესო და მნიშვნელოვანია.

"იცით, რომ ოპოზიცია და კონკრეტულად კი "ევროპული საქართველო" ბოიკოტის რეჟიმშია. ღარიბაშვილის ფიგურა ისედაც არ წარმოდგენს დიდ ინტერესს, მასთან ყველაფერი განხილულია და მისი თემა დახურულია. ეს საკამოდ მტკივნეული ფიგურა ივანიშვილთან ერთად წარსულს ჩაბარდება",-აცხადებს სერგო რატიანი.

ოპოზიციაში ასევე მიაჩნიათ, რომ კონსტიტუციის დარღვევაა ირაკლი ღარიბაშვილის ის განცხადება, სადაც მინისტრი ამბობს რომ ის მათ კითხვებს არ უპასუხებს.

"ჩვენ ვართ ბოიკოტის რეჟიმში, არ დავესწრებით მის მოსვლას. მან გააკეთა ანტიკონსტიტუციური განცხადება, რომ პარლამენტში მოსვლისას ის არ უპასუხებს ოპოზიციის კითხვებს, რაც შესაძლოა შეფასდეს როგორც კონსტიტუციის დარღვევა. რადგან ე.წ. ინტერპელაცია ანუ დაბარება პრემირისა თუ მინისტრისა, ესაა კონსტიტუციურად უზრუნველყოფილი საკანონმდებლო ნორმა. რას ჰქვია არ უპასუხებს?! უპასუხებს ძალიან კარგად და ამის დროც დადგება",-აღნიშნავს რომან გოცირიძე. 

საკანონმდებლო უმრავლესობაში კი განსხვავებული პოზიცია აქვთ. მიუხედავად იმისა ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტის რეჟიმს ინარჩუნებს, მმართველი გუნდი დარრწმუნებულია, რომ მინისტრი ყველა საკითხს შეეხება და შესაბამისად პასუხგაუცემებლი კითხვებიც არ დარჩება.

"ძლიან ბევრი მიმართულებაა, სადაც პროგერესს მიაღწია საქართველომ და მათ შორის ერთ-ერთი ქართული ჯარია. ყველა კომპონენტი. არის საკითხი, რასაც მინისტრი მოგვახსენებს და არის საკითხები, რაც აინტერესებს საზოგადოებას. არის საკითხები, რაც წამოჭრა ოპოზიციამ. კითხვა დაისმევა თუ არა, საკითხი არ დარჩება ისეთი, რასაც მინისტრი თავის მოხსენებაში არ შეეხება",-აცხადებს გია ვოლსკი. 

შეგახსენებთ, დღეს ირაკლი ღარიბაშილი პარლამენტში დღის 12:00 საათზე მივა. 


close დახურვა