logo
ENG



მიტროპოლიტი სტეფანე: მედია მამკობს რაღაც სიტყვებით, რომელიც მედიისთვის შეუფერებელია

10 მაი 202116:30
3 წუთის საკითხავი
 
2021/05/10/matey0grve6cuoj.jpg

ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი აცხადებს, რომ ეპარქიაში ბზობას მომხდარი დაპირისპირება "არასწორად გაშუქდა".

მეუფე ამბობს, რომ მას "მედია ისეთი სიტყვებით ამკობს, რომელიც მედიისთვის შეუფერებელია".

"ბზობის საკითხზე იმდენად არასწორად გაშუქდა ყველაფერი, რომ იძულებული ვარ ამაზე ვილაპარაკო. მანამდე არ შემიშვეს მე ტაძარში იმ მოტივით, რომ არ მცნობენ, როგორც ეპისკოპოსს. აბსოლუტურად არაკანონიკური მიდგომაა იმიტომ, რომ წმინდა სინოდია ერთადერთი ორგანო, რომელიც წყვეტს ვინ არის ეპისკოპოსი რომელიმე ეპარქიაში. წმინდა სინოდმა გადაწყვიტა მეუფე პეტრეს გადაყენება და ჩემი დადგინება ერთი ეპისკოპოსის შემდეგ, ანუ ერთი ეპისკოპოსი უკვე იყო და მერე მე დამადგინა",- აცხადებს მეუფე.

როგორც მან აღნიშნა, "მედია არ არის ორგანო, რომელიც აცხადებს ვინ არის კანონიერი და ვინ -უკანონო".

"მედია არ არის ის ორგანო, რომელიც აცხადებს ვინ არის კანონიერი და ვინ არის უკანონო. ის უბრალოდ სიტუაციას აფიქსირებს როგორც არის და ამ შემთხვევაში გამოვიდა, რომ ისინი მართლები არიან და მე უკანონო ვარ. მედია მამკობს რაღაც სიტყვებით, რომელიც მედიისთვის შეუფერებელია", - აცხადებს მეუფე სტეფანე.

25 აპრილს, ბზობის დღესასწაულზე, წირვა სალხინოს მამათა მონასტერში ხმაურისა და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. 

ეკლესიის ეზოში ბზობის დღესასწაულზე შეიკრიბნენ როგორც მიტროპოლიტი სტეფანეს მხარდამჭერები, ისე მასთან დაპირისპირებული სასულიერო პირები და მრევლი როგორც ჭყონდიდის, ისე სხვა ეპარქიებიდან

ერთმანეთს სწორედ მეუფე სტეფანესა და ჭყონდიდის გადაყენებული მიტროპოლიტის პეტრე ცაავას მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ.

იქ ჩასულები იყვნენ სპორტსმენები, რიონის ხეობის მცველები და ბიზნესმენები, კლიმენტი კეკუტია და ლაშა პაპაშვილიც.  

პირველი დაპირისპირება ადგილობრივი ბიზნესმენის, კლიმენტი კეკუტიას გამოჩენას მოჰყვა, რომელიც ყოფილ ჭყონდიდელ მიტროპოლიტს, პეტრე ცაავას ღიად უპირისპირდება და როგორც სხვა სასულიერო პირები ამბობენ, 22 აპრილს მას უშვერი სიტყვებითაც აგინებდა.

პეტრე ცაავას მხარდამჭერი მღვდლები, რომელთა ნაწილსაც მიტროპოლიტმა სტეფანემ მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა, ამბობენ, რომ კლიმენტი კეკუტიას არ აქვს უფლება, ეკლესიაში მივიდეს. 

შემდეგ კი დაძაბულობა სალხინოს ეკლესიის ეზოში თავად მიტროპოლიტ სტეფანეს გამოჩენას მოჰყვა. 

პეტრე ცაავას მხარდამჭერი სასულიერო პირები მასაც არ აძლევდნენ ტაძარში შესვლის უფლებას, თუმცა, პოლიციის დახმარებით, მიტროპოლიტმა ეკლესიაში შესვლა შეძლო.


close დახურვა