logo
ENG



მიქანაძე: ვებრძვი უდიპლომო სასიძოს სინდრომს

13 სექ 202612:01
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/13/8ykfh6zeopirwgb.png

გვინდა, პროფესიული სწავლების გარკვეული პროგრამები, მისი კრედიტები აღიარებული იყოს და ჩაითვალოს უმაღლესის შესაბამის მიმართულებებში, ამ თემაზე მთავრობას საკანონმდებლო ინიციატივით მივმართავთ, – ამის შესახებ "ოცნების" განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ​ განაცხადა.

„უკვე მესამე წელი იწყება, რაც ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, დამამთავრებელ კლასებში შემოტანილი გვაქვს ინტეგრირებული პროგრამა. დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით 83 სკოლაში ეს ინტეგრირებული პროგრამა დანერგილია. წლევანდელი სასწავლო წლიდან კიდევ ექვსი სკოლა დაემატება და, ჯამში, 89 სკოლა იქნება. პირველი გამოშვება წელს მაისში გვქონდა, როდესაც მე-12 კლასის დამთავრებულებმა მიიღეს როგორც სკოლის ატესტატი, ასევე კონკრეტული პროფესიის დამადასტურებელი დიპლომი. ამასთანავე, ჩვენთვის პროფესიული მიმართულება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როდესაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარედ ამირჩიეს, პირველი, რაც ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გამოვაცხადე, იყო, რომ ვებრძვი უდიპლომო სასიძოს სინდრომს, რომ დიპლომის თემა არ არის იმდენად აქტუალური, რამდენადაც, პირველ რიგში, ადამიანობა, შემდგომში – პროფესიონალიზმი. ეს იქნება პროფესიული სასწავლებლის მეშვეობით მოპოვებული პროფესიონალიზმი თუ უმაღლესით, ეს უკვე ადამიანის არჩევანზე უნდა იყოს და არანაირად არ შეიძლება დავაკნინოთ, მეორე ან მეათეხარისხოვანად მოვიხსენიოთ პროფესიული სასწავლებლები. მით უმეტეს, რომ ამ მხრივ წლიდან წლამდე უფრო მეტი ინტერესი არსებობს, უფრო მცირე პერიოდში ახალგაზრდებს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ეძლევათ გარკვეული პროფესია შეიძინონ“, – განაცხადა მიქანაძემ.


close დახურვა