თამთა მიქელაძე ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაზე "გრანტების კანონის შესახებ" პოსტს აქვეყნებს. მიქელაძის შეფასებით, დასკვნა პირდაპირ ეუბნება "ქართულ ოცნებას", რომ განსახილველი კანონმდებლობა არ ემსახურება საქართველოს სუვერენიტეტისა და პოლიტიკური პარტიების უცხოური გავლენისა და გარე ჩარევისგან დაცვისა და განმტკიცების მიზანს. პირიქით, იგი საქართველოს მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებსა და პოლიტიკურ თავისუფლებებზე არაპროპორციულ და არასაჭირო შეზღუდვებს აწესებს, განსაკუთრებით გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებებზე, და ხელს უშლის პოლიტიკური ოპოზიციის ჩამოყალიბებასა და არსებობის შენარჩუნებას.
"ვენეციის კომისიამ "გრანტების შესახებ" კანონზე უმძიმესი დასკვნა გამოაქვეყნა. გუშინ რასაც როგორც ლეგიტიმურს, კანონიერს და კონსტიტუციურს აცხადებდა შალვა პაპუაშვილი რუსთავი 2 ზე მიმდინარე დებატებში, ვენეციის კომისიამ, რომელიც ევროპის საბჭოს ყველაზე ავტორიტეტული სამართლებრივი კომენტატორია, ფუნდამენტურად სადავო გახადა და მიწასთან გაასწორა.
კომისიამ თქვამ, რომ მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩო მოკლებულია სამართლებრივ სიცხადესა და განჭვრეტადობას. ისეთი ძირითადი ცნებები, როგორებიცაა „გრანტი“, „პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებული“ საქმიანობა, „უცხო სახელმწიფოს ინტერესების წარმომადგენელი ორგანიზაცია“, „გამოცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე პირი“, „არალეგიტიმურობის აღქმის ჩამოყალიბება“ ან „სახელმწიფოს ინტერესების დაზიანება“, ზედმეტად ფართო და არაზუსტი ფორმულირებებით არის ჩამოყალიბებული.
რეპრესირების, სანქციებისა და შემოწმებების ის მექანიზმები, რომელიც კანონშია გათვალისწინებულია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებით სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.
კომისია მტკიცე რეკომენდაციას უწევს, ხელახლა იქნეს განხილული სისხლისსამართლებრივი სანქციების გამოყენება „გრანტების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული პროცედურებისა და ვალდებულებათა დარღვევის შემთხვევებში. ასეთი ქმედებები უნდა რეგულირდებოდეს მხოლოდ ადმინისტრაციული ზომებით, სათანადო და მყარი საპროცესო გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში.
ეფექტს მთელს სექტორზე და საჯარო სივრცეზე ექნება პარალიზების შედეგი. სახელმწიფოს მხრიდან წინასწარი კონტროლის, ფართო მონიტორინგის უფლებამოსილებებისა და გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და თავისუფლების აღკვეთის საფრთხის პირობებში, ფიზიკურმა პირებმა და ორგანიზაციებმა შესაძლოა გონივრულად მიიჩნიონ, რომ თავი შეიკავონ კანონიერ საქმიანობაში მონაწილეობისგან, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით არის დაცული. შესაბამისად, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებებით, აგრეთვე პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის უფლებით სარგებლობა, სავარაუდოდ, შეიზღუდება არა მხოლოდ პირდაპირი აკრძალვების, არამედ, უფრო არსებითად, ისეთი სამართლებრივი გარემოს შექმნის შედეგად, რომელშიც სამოქალაქო აქტივობაში მონაწილეობის თანმდევი რისკები იმდენად მაღალი ხდება, რომ მათი საკუთარ თავზე აღება შესაძლოა გაუმართლებლად სახიფათოდ მიიჩნეოდეს.
დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ამავე დასკვნას ჩვენს სარჩელებზე გამოიტანს ევროპული სასამართლოც. "ქართული ოცნება" როგორც ამბობს ის მიყვება სამართლებრივ წესებს და გადაწყვეტილებებს და ვნახოთ, როგორ შეასრულებენ ამ პირობას", - წერს მიქელაძე.
ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა 2026 წლის მარტში მიღებულ გრანტების კანონზე სამართლებრივი დასკვნა.
კომისია წერს, რომ "ქართული ოცნების" მიერ მიღებული კანონმდებლობა ეწინააღმდეგება პლურალიზმის და დემოკრატიის შესახებ საერთაშორისო სტანდარტებს.
კომისია მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ დასკვნის მომზადების პროცესში მასთან თანამშრომლობა არ ისურვა, თუმცა კომისია დიალოგისთვის კვლავ მზად არის.
ვენეციის კომისია ასევე მიიჩნევს, რომ მომავალში საქართველოში კანონმდებლობის მიღების პროცესი სათანადოდ ინკლუზიური მიდგომით უნდა წარიმართოს, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი ლეგიტიმურობა და ფართო საზოგადოებრივი მისაღებობა. კანონშემოქმედებითი პროცესი უნდა ეფუძნებოდეს განხილვასა და მსჯელობას, ხოლო დაჩქარებული პროცედურები გამონაკლისს უნდა წარმოადგენდეს. ამ პროცესში ყველა შესაბამის მონაწილეს უნდა ჰქონდეს ჩართულობისა და საკუთარი მოსაზრებების გამოხატვის შესაძლებლობა.
