logo
ENG



მიქელაძე სტრასბურგზე: შესაძლოა, დოკუმენტების შემოწმების მერე სხვა დავალება მიეცეს მთავრობას

11 ნოე 202101:40
3 წუთის საკითხავი
 
მიქელაძე სტრასბურგზე: შესაძლოა, დოკუმენტების შემოწმების მერე სხვა დავალება მიეცეს მთავრობას

სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტი, თამთა მიქელაძე ამბობს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დროებითი ღონისძიება ნამდვილად გამოიყენა. მისივე თქმით, გადაწყვეტილების წაკითხვის პროცესშიც კი პოლარიზება გამოჩნდა.

"პატიმრობის პირობებთან დაკავშირებით დავებში, სადაც აპლიკანტები ითხოვენ დროებითი ზომების გამოყენებას, ეს არის ტრადიციული პირველი ეტაპი, როცა სასამართლო ჯერ ინფორმაციას იღებს და ინფორმაციის, სამედიცინო დოკუმენტების, მტკიცებულებების შემოწმებისა და შეფასებების შემდეგ იღებს გადაწყვეტილებებს. ეს არ ნიშნავს, რომ არ დაკმაყოფილდა განმცხადებლების მოთხოვნა. შეიძლება ის სრულყოფილად არ დაკმაყოფილდა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის სახით, თუმცა თავად დროებითი ღონისძიების გამოყენებას ადგილი აქვს სასამართლოს მხრიდან და არ არის გამორიცხული, რომ სამედიცინო დოკუმენტების შემოწმების შემდეგ სხვა ტიპის დავალებები მიეცეს საქართველოს მთავრობას", - ამბობს მიქელაძე ფორმულას ეთერში.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ვკითხულობთ, რომ სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. 

სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მთავრობამ უნდა მიაწოდოს მას ინფორმაცია განმცხადებლის ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ [ისევე, როგორც ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ]; დაადგინა, რომ მთავრობამ უნდა უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება ციხეში და უნდა უზრუნველყოს მისთვის სათანადო სამედიცინო მკურნალობის მიწოდება პოსტ-შიმშილობის რეაბილიტაციის პერიოდში. ამასთან, სააკაშვილის საქმეს პრიორიტეტი მიენიჭა. 

მიხეილ სააკაშვილის იურისტები ამბობენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით, სასამართლომ დროებითი ღონისძიების მიღების მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის ფაქტი საერთაშორისოდ აღიარებულია.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ყურადღებას ამახვილებს მხოლოდ იმაზე, რომ საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა, თუმცა არაფერს ამბობს უსაფრთხოების უზრუნველყოფის ნაწილზე. მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ სტრასბურგმა სააკაშვილს "შიმშილობა მოსთოვა", რაც სიმართლეს არ შეესაბამება. გადაწყვეტილებაში მხოლოდ "მოწოდებაზეა" საუბარი. 


close დახურვა