ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს კიევში არაფორმალურ გარემოში შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ შარლ მიშელმა ტვიტერზე დაწერა, რომ ღარიბაშვილთან ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის ვადასა და შეთანხმებების შესრულების მნიშვნელობაზე ილაპარაკა.
"პრემიერმინისტრ ღარიბაშვილთან ლაპარაკისას ხაზი გავუსვი:
რეფორმები საჭიროა ისე, როგორც არასდროს. მაკროფინანსური დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება. დროა, საქართველომ აჩვენოს თავისი ერთგულება შეთანხმებების მიმართ, განსაკუთრებით, რეფორმებთან დაკავშირებით". - წერს შარლ მიშელი.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მთავარი მედიატორი იყო მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები არალეგიტიმურად სცნო და პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა.
რამდენიმეთვიანი პროცესის შემდეგ, 2021 წლის 19 აპრილს დოკუმენტიც გაფორმდა, რომელიც 23 ივლისს ქართულმა ოცნებამ ანულირებულად გამოაცხადა და შეთანხმების პირობების შესრულებაზე, ფაქტობრივად, უარი თქვა.
2020 წლის აპრილში ევროკომისიამ პარტნიორ ქვეყნებს პანდემიით გამოწვეულ პრობლემებთან გამკლავების მიზნით 3 მილიარდი ევრო გამოუყო. საქართველოსთვის გამოყოფილია 150 მილიონი ევრო.
დახმარების პირველი ნაწილი, 75 მილიონი ევრო საქართველომ 2020 წლის ნოემბერში მიიღო.
მეორე ნაწილის მიღება 2021 წლის ბოლოს იგეგმება.
თუმცა, ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში, სანამ შეთანხმება უშუალოდ შარლ მიშელის მედიაციით გაფორმდებოდა, საქართველოში მისი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი ჩამოვიდა. შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.
მოლაპარაკებების ამ პროცესის ჩაშლის შემდეგ, 1-ლ აპრილს 7-მა ევროპარლამენტარმა მაკროფინანსური დახმარების შეჩერება მოითხოვა.
"კომპრომისზე პოლიტიკური პარტიების უარის შემდეგ, ქართველი ლიდერები არ უნდა მოელოდნენ, რომ ევროკავშირთან ურთიერთობა ჩვეულებისამებრ გაგრძელდება". - აღნიშნავდნენ ისინი.
30 ივლისს კი, საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის დარღვევის შემდეგ სერიოზულად განიხილება საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების შეჩერების საკითხი.