logo
ENG



მიშელი: ყველა მხარემ მომდევნო დღეებში, კვირებში უნდა იმუშაოს პროგრესის მისაღწევად

01 მარ 202122:48
3 წუთის საკითხავი
 
მიშელი: ყველა მხარემ მომდევნო დღეებში, კვირებში უნდა იმუშაოს პროგრესის მისაღწევად

პრეზიდენტის რეზიდენციაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით ოპოზიცია-ხელისუფლების შეხვედრა დასრულდა. 

შეხვედრის შემდეგ შარლ მიშელმა განაცხადა, რომ მხარეებმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს და ახლა მთავარია, დიალოგი გაგრძელდეს და მომდევნო რამდენიმე დღეში მხარეებმა პროგრესს მიაღწიონ. 

მისივე თქმით, "საქართველოში დღეს პოლიტიკური დიალოგი ხელახლა დაიწყო და ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა".

"გვქონდა ერთმანეთის მოსმენის შესაძლებლობა და გვესმის, რომ მრავალი რთული საკითხია, რომელსაც გამკლავება სჭირდება. შევთავაზე ევროკავშირის მხარდაჭერა ძალისხმევის გაძლიერებისთვის. 2 კვირაში ბრიუსელში საქართველოსთან ასოცირების საბჭოს სხდომაა, რომ დავაკვირდეთ, რა პროგრესი იქნა მიღწეული სხვადასხვა რთულ საკითხზე. მთავარი გზავნილი საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვაა", - ამბობს მიშელი. 

მისივე თქმით, "ქვეყანას მრავალი რთული გამოწვევა აქვს: ეკონომიკური განვითარება, კოვიდ19, უსაფრთხოება, სტაბილურობა". ამასთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ამბობს, რომ ყველა საკითხი დღესვე ვერ გადაწყდება, მაგრამ გადაწყვეტილებები დიალოგის რეჟიმში უნდა მიიღონ.  

"ამიტომაც გადაუდებლად აუცილებელია ამ პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა. დღეს ამაყი ვარ, რადგან სწორი მიმართულებით მნშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მოგვარდა, რომ აღარ არსებობს რთული საკთხები, მაგრამ როდესაც ვკითხე მონაწილეებს - არის თუ არა პოლიტიკური ნება, რომ გაძლიერდეს დიალოგი, რათა ერთად ვიპოვოთ გადაწყვეტის გზები, პასუხი იყო "დიახ". ეს კარგი, მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ჩვენ გავაძლიერებთ ამ მცდელობებს.

ის აცხადებს, რომ "საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის გამყარების, გაღრმავების გასაღები ამ პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაა".

"ჩვენ მხარს ვუჭერთ რეფორმებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, რომ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა რეალობა იყოს, რომ საარჩევნო რეფორმა გატარდეს. ეს ძალზედ რთული საკითხებია, მნიშნველოვანია, რომ ასოცირების შეთანხმება ძლიერი ინსტრუმენტია ვითარების გასაუმჯობესებლად და ჩვენ მზად ვართ, ჩავერთოთ.

ყურადღებით ვუსმინე ყველა პოზიციას, დავდე გარკვეული ელემენტები დიალოგის მაგიდაზე, ეს კარგი ნაბიჯია სწორი მიმართულებით. გულუბრყვილო არ ვარ, ეს რთული ვითარებაა. ეს ნიშნავს, რო. ორ კვირაში ვნახავთ, სად ვართ და არის თუ არა პროგრესი. პოლიტიკური კრიზისისას, როდესაც ვითარება ასეთი კომპლექსურია, მნიშნველოვანია მზადყოფნა იმისთვის, რომ ინოვატორულები ვიყოთ, რათა ვიპოვოთ საერთო, გარკვეული პოლიტიკური ინოვაცია არის ის, რაც შეიძლება გამოყენებულ იქნას გამოსავლის პოვნისთვის", - ამბობს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი. 

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრა გაიმართა. 

მიშელი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გუშინ ეწვია. დღეს მან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრები გამართა. მიშელი ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდა და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა. 


close დახურვა