ოპოზიციის ლიდერები პროკურატურაში დაკითხვების სერიას გამოეხმაურნენ. მათი შეფასებით, ეს არის კერძო ბიზნესში ჩარევა.
ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის თქმით, „იმ დროს, როდესაც ხელისუფლება მილიონობით ლარის პრემიას აძლევს საკუთარ ჩინოვნიკებს, დაიბარო კერძო კომპანიის წარმომადგენელი და ცხვირი ჩაყო პრემიების განაწილებაში - ასეთი რამ მსოფლიო ბიზნესს და სახელმწიფოებრივ პრაქტიკას არ ახსოვს. ის კერძო ბიზნესია და როგორც უნდა, ისე გაანაწილებს პრემიებს“. მისივე განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა მიხედოს ბიუჯეტს, რომელიც „დნება ბიუროკრატების და ჩინოვნიკების ხელში“.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძეც ამბობს, რომ პრემიების განაწილება კომპანიის შიდა პოლიტიკის ნაწილია. მისი განცხადებით, „ხელისუფლება უნდა შეეშვას თავისუფალ მედიებს. კერძო კომპანიები როგორ არიგებენ პრემიებს, ეს მისი საქმე არაა. მიხედონ გაფლანგულ და გარღვეულ ბიუჯეტს, ორმილიარდნახევრიან ზარალს სახელმწიფო კომპანიებში. მიხედოს იმ პრემიას, რომელსაც ისინი ურიგებენ არაფრისმკეთებელ მოხელეებს.“
ამ საკითხს გამოეხმაურა „გიორგი ვაშაძე - ახალი საქართველოს“ ლიდერიც. მისი თქმით, „პროკურატურა არის სუპერეფექტური დაკითხვებთან დაკავშირებით. კორუფციასთან ბრძოლისას არ არის ეფექტური, შვილმოკლულ მამებთან დაკავშირებით არ არის ეფექტური. მაგრამ სადაც საქმე ეხება სიტყვის თავისუფლებას, იქ ეფექტურია.“