არასამთავრობოების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ბრიუსელში ყველა ევროსტრუქტურის წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავენ. ცოტა ხნის წინ ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში იმაზე, თუ როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებას. ანგარიში საკმაოდ კრიტიკული იყო, სადაც საუბარი იყო ყველა აქტუალურ თემაზე, რაც ერთი წლის განმავლობაში საქართველოში ხდებოდა. მთავარი რაზეც საუბარი იყო ანგარიშში ეს მომავალი საპარლამენტო არჩევნებია, სადაც ხაზგასმულია, რომ ის საქართველოს ევროატლანტიკური კურსის განმსაზღვრელი იქნება და სწორედ ამასთან დაკავშირებით ანგარიშში ერთგვარი რეკომენდაციაც კი იყო, რომ ხელისუფლებამ ისეთი საარჩევნო სისტემა უნდა მიიღოს, რომ საპარლამენტო არჩევნების სისტემაზე თანახმა იყოს მთელი საზოგადოება.
პირველი პანელი ცოტა ხანში დაიწყება, საუბრის თემა კი იქნება ის, თუ რა მოუტანა ოცნების მმართველობამ საქართველოს. არასამთავრობოები ორგანიზაციის წარმომადგენლები, მოხსენებით გამოვლენ და თავიანთ გზავნილებს გააჟღერებენ. ასევე სიტყვით გამოვა ევრონესტის დელეგაციის თანათავმჯდომარე ანდრიუს კუბილიუსი.
„ჩვენი, როგორც სამართლიანი არჩევნების მთავარი ფოკუსი ამ პროცესში იქნება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, წინასაარჩევნო გარემო, საარჩევნო სისტემის მიმართულებით არსებული სერიოზული გამოწვევები და ის თუ რას ველით არჩევნების წინ“, - განაცხადა ISFED-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მიხეილ ბენიძემ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლის გიორგი ონიანის განცხადებით, ევროსტრუქტურის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ისეთ საკითხებზე ისაუბრებენ, როგორიცაა სახელმწიფოს მიტაცება და ინსტიტუტებზე თავდასხმა. ონიანის თქმით, იმ პრობლემებმა, რომლებიც საქართველოში არსებობს საქართველოს სვლა ევროკავშირის მიმართულებით არ უნდა შეაჩეროს.
„ჩვენი მიზანია, რომ ევროპელ პარტნიორებს მივაწოდოთ ინფორმაცია რა პრობლემები გვაქვს და რა გამოწვევებს ვხედავთ 2020 წლის არჩევნების წინ. გვინდა, რომ იმ პრობლემებმა, რაც გვაქვს, არ შეაფერხოს ჩვენი სვლა ევროკავშირის მიმართულებით. ცხადად მიმდინარე სახელმწიფოს მიტაცება, ინსტიტუტებზე თავდასხმა იქნება ის საკითხები, რომლებზეც ვისაუბრებთ“, - აცხადებს გიორგი ონიანი.