გლდანის ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილთან ამერიკელი ადვოკატი, ჯონ სენდვიჯი შევიდა. უფლებადამცველი ყოფილი პრეზიდენტს სხვა ადვოკატებთან ერთად მოინახულებს. შესვლამდე სენდვიჯს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 43-ე დღეა შიმშილობს. ის რუსთავის ციხიდან გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში მოტყუებით და იძულებით გადაიყვანეს.
გუშინ, 11 ნოემბერს, პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის კლინიკაში ძალის გამოყენებით გადაჰყავთ.
კადრებში ჩანს, რომ რამდენიმე ადამიანი პალატაში შეყვანამდე მიხეილ სააკაშვილს მთელი გზის განმავლობაში მიათრევს. 8 ნოემბერს კლინიკაში გადაყვანის შემდეგ, სააკაშვილმა თქვა, რომ მოატყუეს, თითქოს სამოქალაქო კლინიკაში მიჰყავდათ. კადრებიდან იკვეთება, რომ პალატაში შეყვანისას ყოფილი პრეზიდენტი თანამშრომლებს სიტყვიერად დაუპირისპირდა.
აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმეს პრიორიტეტი მიანიჭა და 10 ნოემბერს გამოსცა დროებითი ზომა, რომლის მიხედვითაც, ერთი მხრივ, ექსპრეზიდენტს მოუწოდა, შეწყვიტოს შიმშილობა, ხელისუფლებას კი მოუწოდა, უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება ციხეში და მისთვის სათანადო სამედიცინო მკურნალობის მიწოდება პოსტ-შიმშილობის რეაბილიტაციის პერიოდში.
11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ დაემორჩილება ECHR-ის გადაწყვეტილებას და შეწყვეტს შიმშილობას, თუ ასევე მოიქცევა ხელისუფლებაც და მას სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანენ, ხოლო მის ჯანმრთელობაზე ექიმების კონსილიუმი იზრუნებს.