მიხეილ სააკაშვილთან პირადი ექიმის შეშვების მოთხოვნით აქცია გაიმართა.
საინიციატივო ჯგუფის მიშას სექტორის წევრების თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ საყურადღებოა და აუცილებელია, რომ მასთან ნიკოლოზ ყიფშიძე შევიდეს.
"ჩვენ გონივრული ვადები მივეცით მივეცით იუსტიციის სამინისტროს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის ყურადღება მიექციათ, მომხდარიყო პირადი ექიმის დაშვება და გაგვეგო საზოგადოებას, რა მდგომარეობაშია ბატონი პრეზიდენტი, მაგრამ მიუხედავად, დღემდე არ მიგვიღია პასუხი", - ამბობს საინიციატივო ჯგუფის წევრი ლევან მერებაშვილი.
აქციის მონაწილეები იუსტიციის სამინისტროდან მსვლელობით რუსთავის ციხესთან გადაინაცვლებენ.
მათივე თქმით, დღესვე გადავლენ მესამე ლოკაციაზე, სადაც თავიანთი გეგმების შესახებ იტყვიან.
3 იანვარს ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილს ორი მთავარი მოთხოვნა აქვს - კომუნიკაციის აღდგენის შესაძლებლობა და მასთან დამოუკიდებელი ექიმების ჯგუფის შესვლა. თავდაპირველად ულტიმატუმის ვადად 6 იანვარი სახელდებოდა.
6 იანვარს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა თქვა, რომ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოყენებაზე ულტიმატუმის ვადა იანვრის ბოლომდე გადაწია.
ულტიმატუმის ვადა დღეს, 31 იანვარს იწურება.
ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, კობა ნაყოფიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი თავად გაავრცელებს განცხადებას, თუ რა ფორმით მოხდება მისი მხრიდან პროტესტის გაგრძელება.