logo
ENG



მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას აპირებს, თუმცა, გარკვეული დათქმებით

11 ნოე 202118:16
3 წუთის საკითხავი
 

მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას აპირებს, თუმცა, გარკვეული დათქმებით. 

ექსპრეზიდენტის განცხადებაში, რომელიც საზოგადოებას მისმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ წაუკითხა, ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას შეწყვეტს, თუ მას მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ, ხოლო მის ჯანმრთელობაზე ექიმების კონსილიუმი იზრუნებს. 

სააკაშვილმა განაცხადა: 

"მივმართავ ყველა ქართველს. 

ხელისუფლების ქმედებები ჩემი შიმშილობის პირველი დღიდან დღემდე მიზანმიმართული და დაგეგმილი მკვლელობის ოპერაციაა. დამკვეთი ერთადერთია - ვლადიმირ პუტინი. 

დღეს გავრცელებული კადრები, რომელიც კარგად ასახავს, ვინ არის გამარჯვებული და ვინ - ბნელეთის მხარეს, უმძიმესად აზიანებს თავად ხელისუფლებას. ამიტომ, თითქოს პარადოქსია, რატომ გამოაქვეყნა ხელისუფლებამ ეს კადრები. 

თუმცა, ამ პარადოქსს სრულიად ცხადი ახსნა აქვს - მოხდეს ქართველი პატრიოტების უკიდურესი გაბრაზება, იმდენად, რომ ხელისუფლების მომდევნო პროვოკაციებმა გამოიწვიოს სამოქალაქო დაპირისპირება, რასაც მოჰყვება რუსეთის შემოსვლა და ქვეყნის ოკუპაცია, მათ მიერ "საზღვართან მიმდინარე საფრთხეების განეიტრალების" საფარქვეშ. 

შესაბამისად, მე, როგორც ამ ქვეყნის თავგადაკლულ პატრიოტს და ამ თანამედროვე სახელმწიფოს დამფუძნებელს, არ მაქვს უფლება, არ შევეწინააღმდეგო ამ კატასტროფული სცენარის განვითარებას. 

ჩემი შიმშილობა უკვე ხდება რუსების და მოქმედი ხელისუფლების ბრძოლის იარაღი, ოღონდ არა ჩემ, არამედ ჩემი ქვეყნის საწინააღმდეგოდ. 

აქედან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, გავითვალისწინო სტრასბურგის სასამართლოს, ასევე ჩვენი დასავლელი პარტნიორების გადაწყვეტილება და შევწყვიტო შიმშილობა. 

ამ შემთხვევაში, შიმშილობის შეწყვეტას აქვს დათქმა: 

შიმშილობის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი ბევრად უფრო რთულია, ვიდრე შიმშილობის მართვის პროცესი. ამიტომაც, გლდანის საავადმყოფოში ამის არც ტექნოლოგიური პირობებია, არც სათანადო კვალიფიკაციის მედპერსონალი.

ამას გარდა, წარმოუდგენელია, მე ვენდო იმ დაწესებულების თანამშრომლებს, ვინც წამების პირობებში მამყოფებს და ვისი ძალადობის კადრებიც დღეს იხილეთ. 

ასევე, აქ არ არსებობს უსაფრთხოების და ფსიქოლოგიური ძალადობისგან დაცვის არანაირი გარანტია, რაც სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნაცაა. 

ასევე, უდიდეს საფრთხედ მიმაჩნია გორის ჰოსპიტალი, რადგან რუსეთის სპეცდანიშნულების დანაყოფები რამდენიმე კილომეტრში იმყოფებიან ამ ჰოსპიტალიდან. იმ რუსეთის, ვინც ჩემი ლიკვიდაციის მთავარი დამკვეთია. 

შესაბამისად, ვითხოვ, ექიმების კონსილიუმის მიერ იქნას მიღებული გადაწყვეტილება, თუ რომელ მულტიფუნქციურ დაწესებულებაში და მკურნალობის რა მეთოდით ვიქნები უზრუნველყოფილი პოსტშიმშილობის რეაბილიტაციის პროცესის დროს.

კონსილიუმი უნდა იყოს პროფესიონალებისგან შემდგარი და პარიტეტულ საფუძველზე, ჩემი წარმომადგენლების და სახელმწიფოს მიერ დანიშნული წარმომადგენლობის თანაბარი ექიმების შემადგენლობით

მისი გადაწყვეტილება უნდა იყოს არა სარეკომენდაციო ხასიათის, არამედ სავალდებულო, რასაც მე დავემორჩილები უპირობოდ და ასევე უნდა დაემორჩილოს ხელისუფლება.

ამ ვითარებაში, როგორც კი მიღებულ იქნება ეს გადაწყვეტილება და გადამიყვანენ მულტიპროფილურ დაწესებულებაში, შიმშილობას დაუყოვნებლივ შევწყვეტ". - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში. 

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1-ლ ოქტომბერს დააკავეს. იმავე დღეს მან შიმშილობა დაიწყო და უკვე 42-ე დღეა, საკვები არ მიუღია. 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმეს პრიორიტეტი მიანიჭა და 10 ნოემბერს გამოსცა დროებითი ზომა, რომლის მიხედვითაც, ერთი მხრივ, ექსპრეზიდენტს მოუწოდა, შეწყვიტოს შიმშილობა, ხელისუფლებას კი მოუწოდა, უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება ციხეში და მისთვის სათანადო სამედიცინო მკურნალობის მიწოდება პოსტ-შიმშილობის რეაბილიტაციის პერიოდში. 


close დახურვა