მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საქალაქო სასამართლოში სხდომა 14 დეკემბერს 11:00 საათისთვის გადაიდო.
ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
არევაძემ დღევანდელი სხდომა დახურულად გამოაცხადა და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებთან შეთანხმებით მომდევნო სხდომა ოთხშაბათს, 14 დეკემბერს ჩაინიშნა.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოსამართლეს ყოფილი პრეზიდენტის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების განხილვა უნდა დაეწყო.
სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის თქმით, სხდომის გადადების მიზეზი ტექნიკური საკითხები და როგორც სააკაშვილის ადვოკატების ასევე სახალხო დამცველის მხრიდან წარდგენილი მტკიცებულებები იყო, რის გასაცნობადაც სასამართლომ 2-დღიანი ვადა ითხოვა.
„ტექნიკური საკითხები იყო ერთი [მიზეზი] და მეორე მტკიცებულებები, რომლებიც სახალხო დამცველმა წარმოადგინა გუშინ იქნა, როგორც ჩანს წარმოდგენილი. ჩვენ ახლა გადმოგვეცემა... უნდა გავეცნოთ. მეორე მხარესაც ჩვენ შევიტანეთ 6 ტომის საქმე, მეორე მხარესაც სჭირდება, ბუნებრივია დრო ამის გასაცნობად და 2-დღიანი ვადა ითხოვეს“ - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
მისი თქმით, მოსამართლემ სასამართლოს სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის დისტანციურად დასწრებისადმი მზაობა გამოთქვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე სხდომა 13:00 საათზე იყო ჩანიშნული.
გუშინ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე მონაწილეობის სურვილი გამოთქვა. მან გაავრცელა წერილი, სადაც ამბობს, რომ "ცუდად არის, მაგრამ სურს სასამართლოზე დასწრება, რომელიც მისი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს წყვეტს".
დღეს დაგეგმილს სხდომაზე ჩვენებები ცენტრ ემპათიას წარმომადგენლები და უცხოელი ექსპერტებს უნდა მიეცათ, რომლებმაც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მრავალგვერდიანი დასკვნა მოამზადეს.
სხდომის პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან ნაციონალური მოძრაობის წევრებმა და აქტივისტებმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია ჩანიშნეს.