მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი, ევგენი გრუშოვეცი, რომელიც რამდენიმე დღის წინ საქართველოში არ შემოუშვეს, ქვეყანაში ჩამოსვლას ისევ გეგმავს. როგორც ის ამბობს, მისი მცდელობა, შეხვდეს ყოფილ პრეზიდენტს, გაგრძელდება.
ამასთან, ადვოკატი გეგმავს, რომ საქართველოში მის არშემოშვებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს მიმართოს.
"საქართველოში ჩამოსვლას უახლოეს მომავალში ვგეგმავ, რადგან ამის საჭიროება არსებობს. ჩემი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის მცდელობები გაგრძელდება. საქართველოში მყოფ ადვოკატებს შეაქვთ საჩივარი ქვეყანაში ჩემს არ შეშვებასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ არ დაველოდებით ოფიციალურ პასუხს, რადგან ვთვლით, რომ ეს გადაწყვეტილება უკანონო იყო. ვგეგმავთ, ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს მივმართოთ და დავანახოთ, რომ შემთხვევა, როდესაც არ დამიშვეს მიხეილ სააკაშვილთან, წარმოადგენს სამართლიან სასამართლოზე მისი უფლების უხეშ დარღვევას, ასევე, ადვოკატის უფლებების დარღვევას იურიდიული დახმარების განხორციელების კუთხით", - ამბობს გრუშოვეცი.
27 ოქტომბერს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის უკრაინელი ადვოკატი, ევგენი გრუშოვეცი საქართველოში არ შემოუშვეს და აეროპორტიდან კიევში გააბრუნეს.
ფორმულასთან სატელეფონო საუბარში გრუშოვეცმა თქვა, რომ რომ მან დოკუმენტები წესრიგში ჰქონდა, ამასთან, მესაზღვრეებს საქართველოში მისი ჩამოსვლის მიზეზიც აუხსნა, თუმცა, ქვეყანაში შესვლაზე მაინც უარი უთხრეს.
ქვეყანაში არ შემოუშვეს უკრაინელი ჟურნალისტი, დმიტრი გორდონიც.
როგორც გორდონი ამბობს, მას საზღვარზე უთხრეს, რომ საქართველოში შემოსვლა აკრძალული აქვს. მისივე თქმით, ქვეყანაში შემოსვლის უფლება არ მისცეს სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელს მარია ბარაბაშსაც. გორდონს სააკაშვილთან შეხვედრა სურდა.
უკვე მესამე დღეა შსს ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.
ამასთან, 27 ოქტომბერს, უკრაინის სახალხო დამცველმა ლუდმილა დენისოვამ თქვა, რომ საქართველოს საზღვარზე შეაყოვნეს და ქვეყანაში მხოლოდ რამდენიმე ზარის შემდეგ შემოუშვეს. შსს-ს არც ეს განუმარტავს.
მიხეილ სააკაშვილი 29-ე დღეა რუსთავის ციხეში შიმშილობს.