ქართული ოცნების დეპუტატი, მიხეილ ყაველაშვილი ტვ პირველის ეთერით გასულ ჩანაწერზე საუბრისას ისევ ამბობს, რომ "ფაბრიკაციაა" და გამოძიების დაწყების შესაძლებლობაზე პასუხობს: "რა გამოძიება, სისულელეა".
"ეს არის ერთმანეთის დაპირისპირების მავნებლური გზა. ნუ გაახსენებენ საზოგადოებას, დავიწყებული იყო ეს ყველაფერი და ამომიტივტივდა ყველა ის საზიზღობა, რაც მაშინ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ხდებოდა. ყველა ადამიანზე ცდილობდნენ, რომ ჩანაწერი ჰქონოდათ. როგორც კი დაიძაბებოდა სიტუაცია, პირდაპირ ხდებოდა ყველა ადამიანზე ჩანაწერების გამოქვეყნება. [...]
ძალით ჩაჯდა ადამიანი ციხეში, რომ გამოეწვია მსოფლიო სკანდალი, იმისთვის, რომ აი, ნახეთ, როგორ დევნიან პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს. ყველაფერი ხელმოცარული აქვთ. ახლა დაიწყეს ჩანაწერებზე საუბარი.
რა გამოძიება, სისულელეა. რა გამოძიება უნდა დაიწყოს? რაზე უნდა დაინტერესდეს? რა შესაძლო დანაშაულის ნიშნები იკვეთება, როდინდელ ჩანაწერზეა საუბარი?" - ამბობს ის.
საქართველოს კანონმდებლობით, მედიით გავრცელებული ინფორმაცია დანაშაულის ჩადენის შესახებ არის გამოძიების დაწყების საფუძველი.
6 მარტს TV პირველის გადაცემაში ნოდარ მელაძის შაბათი, სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-კომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.
ჩანაწერში ბერა ივანიშვილი ელაპარაკება სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს. ირკვევა, რომ ის ბერას მითითებებს ასრულებდა და არასრულწლოვნებს, რომლებიც ივანიშვილს მისთვის მიუღებლად მოიხსენიებდა, პირადად ემუქრებოდა.
ჩანაწერი მოიცავს კიდევ რამდენიმე საუბარს ბერა ივანიშვილსა და ღარიბაშვილს შორის, რომელშიც მონაწილეები ბერას შეურაცხყოფის გამო მსგავსი ანგარიშსწორების რამდენიმე შემთხვევას იხსენებენ და განიხილავენ.
ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ჩანაწერები 2012 წლამდე უკანონოდაა მოპოვებული და ფაბრიკაციას წარმოადგენს.