logo
ENG



მკოიანების ცნობით, ახალქალაქის პოლიციის უფროსი დღეს კვლავ დაუკავშირდა და დაემუქრა

24 სექ 202217:22
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობის წევრი, შალვა მკოიანი აცხადებს, რომ ახალქალაქის პოლიციის უფროსი შალვა ლომსაძე დღეს კვლავ დაუკავშირდა მის ოჯახს და დაემუქრა.

ოჯახის ცნობით, ლომსაძემ 1-თვიანი პაუზის შემდეგ დღეს, გამთენიისას მინა მკოიანს ინსტაგრამზე ძალადობისა და მუქარის შემცველი მესიჯები მისწერა.

მკოიანების თქმით, შესაძლოა, ლომსაძე გუშინ ფორმულას ეთერში გასულმა მინა მკოიანის ინტერვიუმ გააღიზიანა. 

„გუშინდელი ინტერვიუს შემდეგ დღეს დამხვდა შეტყობინება ინსტაგრამზე. ბოლოს მას ჩემთვის 27 აგვისტოს ჰქონდა მოწერილი, მას შემდეგ დუმდა. კვლავ მომივიდა შეტყობინებები, რომლებიც მოიცავდა მუქარას და უბინძურეს სიტყვებს. ამ კაცის მიზანია, თავისას მიაღწიოს“  - აცხადებს მინა მკოიანი

ნაციონალური მოძრაობის წევრი, არტურ მკოიანი კი აცხადებს, რომ მუქარის შემცველი შეტყობინებები იმავე ანგარიშიდან იყო გამოგზავნილი, საიდანაც ლომსაძე მათ წარსულში სწერდა.

მკოიანის თქმით, ლომსაძე ახალ მესიჯებში მის ცოლს საკუთარ სახლში გაუპატიურებით ემუქრებოდა.

„ჩემი მეუღლის ტელეფონზე იყო მოსული მესიჯები. როგორც ადრე იწერებოდა ისევე, იმავე ანგარიშიდან იყო მოსული მესიჯები. მუქარა, ზეწოლა, გინებები. ამბობს, რომ პოლიტიკიდან უნდა გავიდეთ და მერე ჩემზე მითხრა, რომ მე წავალ ციხეში... „ - აცხადებს შალვა მკოიანი.

ახალქალაქის პოლიციის უფროსის, შალვა ლომსაძის წინააღმდეგ პროკურატურამ გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო. ბრალის დადასტურების შემთხვევაში ლომსაძეს 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მინა მკოიანმა შალვა ლომსაძის წინააღმდეგ განცხადება საქართველოს პროკურატურაში 29 აგვისტოს შეიტანა. მინა მკოიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, არტურ მკოიანის ცოლია, რომელიც პოლიციის უფროსს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. მისი თქმით,  მაღალჩინოსანი მას ინტიმურ ურთიერთობას სთხოვდა.

არტურ მკოიანი 24 აგვისტოს დააკავეს. ოპოზიციონერის დასაპატიმრებლად სახლში დაახლოებით 20 პოლიციელი მივიდა. მკოიანმა საპატიმრო 5 სექტემბერს დატოვა. გათავისუფლების შემდეგ ის ამბობს, რომ ახალქალაქის პოლიციის უფროსის, შალვა ლომსაძის პირადი პატიმარი იყო, ვინაიდან ოპოზიციის წარმომადგენელია.

მკოიანების ინფორმაციით, თითქმის ერთი წელია, რაც სხვადასხვა სახის მუქარის, სამსახურიდან გათავისუფლებისა და დევნის გამო მუდმივ შიშსა და მალვაში უწევთ ცხოვრება.

ახალქალაქის პოლიციის მაღალჩინოსანს პოლიტიკური ნიშნით შევიწროვებაში, გაუპატიურების მცდელობასა და გატაცებაში ადანაშაულებენ.

 

close დახურვა