გაძევებული ინვესტორი, შეჩერებული მშენებლობა და საერთაშორისო მასშტაბით დისკრედიტებული პროექტი - ამ ყველაფრის ფონზე კი საქართველოს ხელისუფლება ამერიკიდან ამტკიცებს, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის ინვესტორს ეძებს.
ხელისუფლების განცხადებების არ სჯერათ ოპოზიციასა და ექსპერტულ წრეებში. მათი აზრით, სტრატეგიული პროექტის ჩასაგდებად ხელისუფლებამ თავის დროზე ყველაფერი გააკეთა, ამიტომ ეჭვობენ, რომ ოცნების მმართვლობის პირობებში, პროექტმა დღის სინათლე იხილოს.
უფრო ზუსტად, ხელისუფლებამ ანაკლიის პორტის მშენებელი ერთი ინვესტორი გააძევა და ახლა მეორის მოძებნას აპირებს. პარლამენტის თავმჯდომარემ, სავარაუდოდ, საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლის შემდეგ ანაკლიის პორტის მშენებლობის განახლებაზე საუბარი ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაიწყო. ანაკლიის პორტის თემა იყო ერთ-ერთი განსახილველი საკითხი არჩილ თალაკვაძესა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ფილიპ რიკერის შეხვედრაზე. თალაკვაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება ანაკლიის პორტის ასაშენებლად ინვესტორს ეძებს.
პარლამენტის თავმჯდომარის ამ განცხადებას ეხმაურებიან ანაკლიის განვითარების კონსორციუმში და ამბობენ, რომ ქვეყანას ინვესტორიც ჰყავდა და მშენებლობაც დაწყებული იყო, თუმცა ხელისუფლებამ მათ წითელი შუქი აუნთო და მშენებლობას ხელი შეუშალა.
როგორც ოპოზიციაში მიაჩნიათ, არჩილ თალაკვაძემ პორტის მშენებლობის განახლებაზე საუბარი საერთაშორისო ზეწოლის ფონზე დაიწყო, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ საუბარი საუბრად დარჩება და პორტი „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში, არ აშენდება.
ექსპერტების თქმით კი, იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლებამ ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს პრობლემები შეუქმნა, გაუჭირდებათ ისეთი ინვესტორის მოძიება, რომელიც „ქართულ ოცნებას" ნდობას გამოუცხადებს და პორტის მშენებლობას დაიწყებს.
14 იანვარს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კონსორციუმს შეუჩერდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც პორტის მშენებლობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებენ. მიზეზად ხელშეკრულებაში არსებული ვალდებულებების შეუსრულებლობა დაასახელეს.