logo
ENG



მოვუწოდებთ ივანიშვილს, გამოუშვას გიორგი რურუა - სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გაიმართება

15 ივნ 202010:31
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დღეს სამოქალაქო აქტივისტები „მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას საპატიმროში ყოფნას გააპროტესტებენ. აქცია სასამართლოს სხდომის პარალელურად ჩაივლის.

სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ რურუა პოლიტპატიმარია და მისი გათავისუფლების გარეშე ქვეყანაში პროცესის ნორმალიზაცია ვერ მოხდება.

„გიორგი რურუა არის პოლიტპატიმარი და სანამ პოლიტპატიმრების საკითხი არ დასრულდება ისე, როგორც იყო 8 მარტის შეთანხმებაში, არც ერთ შემთხვევაში არცერთი პროცესი არ წავა დამშვიდებისკენ, პროგრესისკენ. გიორგი რურუას საკითხი არის ძალიან პრინციპული. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო პოლიტპატიმრების გათავისუფლება პროპორციული არჩევნების მიღებასთან ერთად და რადგან თითქმის პროპორციულამდე მივედით, გიორგი რურუა სანამ არ დატოვებს საპატიმროს, მანამადე ეს საკითხი უბრალოდ ამოწურული ვერ იქნება“, - განაცხადა მოძრაობა "სირცხვილიას" წევრმა გიგა მაქარაშვილმა.

ასეთივე პოზიცია აქვს მოძრაობა „შეცვალეს“ წარმომადგენელს, ნიკა ფარულავას. მისი თქმით, აქციაზე არა სასამართლოს, არამედ პირადად ივანიშვილის მიმართავენ და კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, რურუა პატიმრობიდან გაათავისუფლოს.

„ველით გიორგი რურუას გათავისუფლებას, მედიაფლობელის, რომელიც დააკავეს საეჭვო ბრალდებებით. ეს არ არის ჩემი განცხადება ამ იმ ადამიანების, რომლებიც დღეს ქართული ოცნების“ ოპოზიციაში იმყოფებიან. ეს არის საქართველოს მეგობრების, ამერიკის სენატის განცხადება. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გიორგი რურუა არის პოლიტპატიმარი და ვინც მის ერთ პროცესზე მაინც არის ნამყოფი, ამაში ძალიან მარტივად დარწმუნდება. ისევ მივალთ გიორგი რურუას პროცესზე, გამოვუცხადებთ სოლიდარობას და მოვუწოდებთ კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილს და არა მოსამართლეს ან პროკურორს, რომ გამოუშვას გიორგი რურუა, შეასრულოს 8 მარტის შეთანხმების ორივე პირობა“, - განაცხადა ფარულავამ.


close დახურვა