15 წლის მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის ადვოკატებმა საქმის მასალები გვიან ღამით ჩაიბარეს. გამომძიებლისთვის ბრალის წარდგენის ვადა დღეს იწურება. სწორედ დღეს უნდა გაირკვეს რა ბრალს წარუდგენენ ჩოლოიანს. გამომძიებლის ადვოკატების თქმით, ჩოლოიანი ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება.
"ამ ეტაპისთვის უცნობია რა მუხლით იქნება ბრალის წარდგენა. მის მიმართ დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა, სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლი პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ჩვენების იძულებას", - განაცხადა ადვოკატმა ნათია გვაზავამ.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გვიან ღამემდე იმყოფებოდნენ გამოკითხვაზე „მწვანე სკოლის" დირექტორის მოადგილე, დაცვის თანამშრომლები და მასწავლებელი.
"გამოკითხვა შეეხებოდა ამ ტრაგედიას. აინტერესებდათ ვიცნობდი თუ არა ამ მოსწავლეს. მე ვუთხარი, რომ პირადად არ ვიცნობდი, რადგან სკოლაში არის რამმდნეიმე სექტორი. ლუკა სწავლობდა საჯარო სექტორზე, ხოლო მე ვარ კერძოს სექტორის პედაგოგი. შესაბამისად მასთან შეხება არ მქონია", - აღნიშნა პედაგოგმა, ელისო ნიჟარაძემ.