სახელმწიფო ინსპექტორის აპარატში აცხადებენ, რომ გამომძიებელი მ.ჩ. დაკავებულია. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით წაუყენეს, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.
„მიმდინარე წლის 12 დეკემბერს ინსპექტორის სამსახურს მომართა საია-ს ადვოკატმა, რომელიც მიუთითებდა პოლიციის განყოფილებაში მოზარდზე იძულების ფაქტს. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს. ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო მოქმედება და მიმდინარეობდა პროცესი, დაიკითხნენ მოწმეები, გამოძიებამ ამოიღო და დაათვალიერა მობილური და კომპიუტერი, სატელეფონი ზარები, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და ყველა საინტერესო ადგილი, კამერების ჩანაწერები, ვინაიდან მოწმეთა ნაწილი არასრულწლოვანია, საქმეში ჩართულია ფსიქოლოგი. ჩატარებული გამოძების შედეგად დღეს დაკავებულ იქნება გამომძიებელი მ.ჩ. 335-ე მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიება გრძელდება და დანიშნულია ექსპერტიზები", - აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატში.
შეგახსენებთ, რომ მოზარდი, რომელმაც პოლიციაში დაკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.