logo
ENG



მოზარდს, რომელმაც მიჩიგანის სკოლაში ცეცხლი გახსნა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

09 დეკ 202313:48
3 წუთის საკითხავი
clock 469
2023/12/09/tbzyqz52wa1zyxk.jpg

მოზარდს მიჩიგანიდან, რომელმაც იარაღით ოთხი მოსწავლე მოკლა, უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, პირობით ვადამდე გათავისუფლების შესაძლებლობის გარეშე.

17 წლის ითან კრამბლიმ გასულ წელს ტერორიზმსა და მკვლელობაში თავის დამნაშავედ ცნო.

იგი 15 წლის იყო, როდესაც 2021 წლის ნოემბერში ოქსფორდის სკოლაში სროლა დაიწყო. მისი მშობლები, ჯეიმს და ჯენიფერ კრამბლები მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესის მოლოდინში არიან. პროკურორების თქმით, მშობლები შვილის დეპრესიასა და იარაღებისადმი მიდრეკილებას ყურადღებას არ აქცევდნენ.

მიჩიგანის სკოლაში სროლის დროს ითანმა ოთხი ადამიანი მოკლა, შვიდი კი დაჭრა. მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარე პირობით ვადამდე გათავისუფლებას ითხოვდა, მოსამართლემ განაცხადა, რომ ის სასჯელის მაქსიმალურ ზომას გამოიყენებდა ნაწილობრივ სხვა ახალგაზრდების შესაკავებლად, რომლებიც მსგავს თავდასხმას გეგმავენ.

"მან ეს ცნობადობისთვის გააკეთა", - თქვა მოსამართლემ, რომელმაც თავდასხმას "ნამდვილი ტერორისტული აქტი" უწოდა.

განაჩენის გამოტანამდე დაღუპულების - 14 წლის ჰანა სენტ ჯულიანასა, 16 წლის ტეიტ მაირის, 17 წლის მედისინ ბოლდუინისა და 17 წლის ჯასტინ შილინგის - ახლობლები და გადარჩენილები სიტყვით გამოვიდნენ.

"არავინ გაპატიებს", - თქვა გამოსვლის დროს მედისინის დედამ.

მსხვერპლების ოჯახის წევრებისა და გადარჩენილების მოსმენის დროს ითან კრამბლი დარბაზში თავდახრილი იჯდა.

"შეიძლება ჩემკენ არ იყურებით, მაგრამ ვიცი, რომ გესმით. თქვენ გეგმავდით, რომ ჩემი ქმარი ქვრივად დაგეტოვებინათ, ხოლო შვილები - ობლებად. პატიება არ გეკუთვნით", - თქვა ოქსფორდის სკოლის მასწავლებელმა მოლი დარნელმა.

თვითონ ითანის მშობლები სასამართლოს წინაშე 2024 წელს წარდგებიან. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ-ში მშობლებს გაუფრთხილებლობით მკვლელობის ბრალდება ასამართლებენ იმის გამო, რომ მათი შვილი მასობრივი მკვლელობის მონაწილეა. დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურორები ამტკიცებენ, რომ მშობლებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკისრებათ, რადგან მათ შვილს იარაღი უყიდეს, რომელიც მან თავდასხმის დროს გამოიყენა და უგულებელყვეს მისი ფსიქიკური მდგომარეობა.

ბევრი პასუხისმგებლობას აკისრებს ოქსპორდის სკოლას. თავდასხმის დღეს, სკოლის თანამშრომლებმა მოზარდის შემაშფოთებელი ნახატები აღმოაჩინეს, თუმცა არ შეამოწმეს ზურგჩანთა, სადაც იარაღს ინახავდა, და კლასში დააბრუნეს.


close დახურვა