მოლდოვამ რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. მისი პერსონა ნონ გრატად გამოცხადება მას შემდეგ მოხდა, რაც მოლდოვის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან ახლოს, რუსეთის რაკეტა ჩამოვარდა.
როგორც მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, ინფორმაცია რუსეთის ელჩს უკვე მიეწოდა.
"დადასტურდა, რომ მეზობელ ქვეყანაზე სარაკეტო თავდასხმები იწვევს უსაფრთხოების რისკების შემდგომ ესკალაციას და ჩვენი სახელმწიფოს მოქალაქეები სულ უფრო მეტად გრძნობენ ომის კატასტროფულ შედეგებს. აღინიშნა, რომ თავდასხმები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ასევე საფრთხეს უქმნიან ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას", - აღნიშნულია განცხადებაში.
დღეს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მიერ მოგერიებული რუსული რაკეტა მოლდოვაში, ნასლავჩას დასახლებასთან ჩამოვარდა. მომხდარს მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინიტროც გამოეხმაურა და რუსების საჰაერო თავდასხმები კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე მკაცრად დაგმო.