საპარლამენტო უმრავლესობის მორიგი სხდომა ხმაურიანი აქციის ფონზე გაიმართა. "ქართული ოცნების" ოფისთან ვითარება დღის განმავლობაში რამდენჯერმე დაიძაბა. აქტივისტებსა და ადგილზე მყოფ სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა მოხდა, რა დროსაც ტელეკომპანია "ფორმულას" ოპერატორი თორნიკე თვაური და კიდევ რამდენიმე ადამიანი დაშავდა. პოლიციამ აქტივისტები ძალის გამოყენებით გაიყვანა.
"ბრძანება აქვთ, რომ ნებისმიერი ხერხით გადაგვათრიონ გზიდან. გვაგინებენ და ცდილობენ, რომ პროვოკაციაზე წამოგვაგონ. პროვოკაციით რომ არის პოლიცია დაკავებული, უკვე ძალიან სირცხვილია", - აცხადებდა აქტივისტი გიგა მაქარაშვილი.
აქციის კიდევ ერთი ორგანიზატორი და მოძრაობის "ქვეყნის სამსახურში" წევრი ნოდარ რუხაძე ამბობს, რომ "ქართული ოცნების" დღეები დათვლილია.
"ქარიშხალს ჭიქაში ნუ შექმნით. ვუყურებდი ერთ-ერთ ტელევიზიის ეთერს. ოფისთან იყო 20-30 ადამიანი, მაგრამ შეგექმნებოდა ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს იქ ხდებოდა რაღაც უბედურება", - განაცხადა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.
სამართალდამცველების მიერ ძალის გამოყენების ფაქტს საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძეც გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ სამართალდამცველები ადგილზე წესრიგს იცავდნენ და მოქალაქეები პროვოკაციებს აწყობდნენ.
"აზრი გამოხატონ მშვიდად. ჩვენ ვიცავთ წესრიგს, მაშინ როდესაც მათ სურთ შენობის შესასვლელის პიკეტირება", - განაცხადა ვაჟა სირაძემ.