logo
ENG



მორაგბის დაჭრის ბრალდებით რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი, მერაბ ბესელია დააკავეს

16 სექ 202021:19
3 წუთის საკითხავი
 
5lsjoigqv6ydnv6.png

მორაგბე რამაზ ხარაზიშვილის დაჭრის ბრალდებით, რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ბესელია დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე დაზიანებები მიაყენა 1988 წელს დაბადებულ რ. ხ.-ს. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

რაგბის კავშირის საინიციატივო ჯგუფის წევრი, მორაგბე რამაზ ხარაზიშვილი დღეს, 16 სექტემბერს, რაგბის კავშირის შენობაში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ჯერჯერობით უცნობია დეტალები, რამ გამოიწვია ინციდენტი, რომელსაც დაჭრა მოჰყვა.

რაგბის კავშირში შიდა კონფლიქტი რამდენიმე წელია მიმდინარეობს. დაპირისპირება 2020 წლის აგვისტოში გამწვავდა.

რაგბის კავშირის შემადგენლობაში მყოფი 31 კლუბი პრემიერმინისტრთან შეხვედრასა და ანტიკრიზისული საბჭოს შექმნას მოითხოვდა.

მორაგბეები და კლუბების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ კლუბებისთვის დაფინანსება ბიუჯეტიდანაც არის გამოყოფილი, ასევე სპონსორებიც არსებობენ, თუმცა ეს თანხები ბოლო 9 წლის განმავლობაში არ ხმარდება იმ საჭიროებებს, რომელიც ამ სპორტის სახეობას აქვს.

ერთ-ერთი, ვინც კრიზისზე აქტიურად ლაპარაკობდა და პრობლემების მოგვარებას ითხოვდა, რამაზ ხარაზიშვილი იყო. ის აგვისტოში ღიად, მედიით აკრიტიკებდა რაგბის კავშირს.

პარალელურად, პრემიერი გიორგი გახარია და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და საქართველოს რაგბის ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ირაკლი აბუსერიძე ქართულ რაგბიში არსებულ სიტუაციაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ ქართუს მეშვეობით, ქართული რაგბი წარმატებით ვითარდება.


close დახურვა