logo
ENG



მორაგბის დაჭრის საქმეზე დაკავებულს ბრალი წარედგინა

18 სექ 202021:00
3 წუთის საკითხავი
clock 756
shqtk4hkl6o2ul9.jpg

სარაგბო კლუბ "იუნკერების" მოთამაშის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, ტარების ფაქტზე მერაბ ბესელიას ბრალდება წარედგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

გავრცელებული განცხადების მიხედვით, 2020 წლის 16 სექტემბერს, ქ. თბილისში, საქართველოს რაგბის კავშირის ადმინისტრაციული შენობის სადარბაზოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მერაბ ბესელიამ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი იარაღიდან გასროლით, რამაზ ხარაზაშვილს ფეხის არეში ჭრილობა მიაყენა, რამაც დაზარალებულის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.

"სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რა დროსაც ნივთმტკიცების სახით  ამოღებულ იქნა მასრები და ტყვიის გარსის ფრაგმენტები. სამართალდამცველებმა მ.ბ. 2020 წლის 16 სექტემბერს დააკავეს. 18 სექტემბერს მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ უკვე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მ.ბ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება",- წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ხარაზიშვილი 16 სექტემბერს რაგბის კავშირის შენობაში დაჭრეს. 

სპრტსმენის დაჭრის ბრალდებით, რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ბესელია დააკავეს. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რამ გამოიწვია ინციდენტი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ რაგბის კავშირში შიდა კონფლიქტი რამდენიმე წელია მიმდინარეობს. დაპირისპირება 2020 წლის აგვისტოში გამწვავდა.

რაგბის კავშირის შემადგენლობაში მყოფი 31 კლუბი პრემიერმინისტრთან შეხვედრასა და ანტიკრიზისული საბჭოს შექმნას მოითხოვდა.

მორაგბეები და კლუბების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ კლუბებისთვის დაფინანსება ბიუჯეტიდანაც არის გამოყოფილი, თუმცა ეს თანხები ბოლო 9 წლის განმავლობაში არ ხმარდება იმ საჭიროებებს, რომელიც ამ სპორტის სახეობას აქვს.

ერთ-ერთი, ვინც კრიზისზე აქტიურად ლაპარაკობდა და პრობლემების მოგვარებას ითხოვდა, სწორედ რამაზ ხარაზიშვილი იყო. ის აგვისტოში ღიად, მედიით აკრიტიკებდა რაგბის კავშირს.

პარალელურად, პრემიერი გიორგი გახარია, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და საქართველოს რაგბის ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ირაკლი აბუსერიძე ქართულ რაგბიში არსებულ სიტუაციაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ ქართუს მეშვეობით, ქართული რაგბი წარმატებით ვითარდება.


close დახურვა