რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. ცნობილია, რომ სხდომაზე დღეს მხარეები მოსამართლეს მოწმეთა სიას წარუდგენენ. ბუტა რობაქიძის საქმეზე დაახლოებით ორასამდე მოწმის დაკითხვა იგეგმება.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის თანაპარტიელი გურამ ჩალაგაშვილი მიმდინარე პრეოცესებს ტრაგიკომედიას უწოდებს და დარწმუნებულია, რომ ოქრუაშვილის პოლიტიკური პატიმარია.
"მორიგი ტრაგიკომედიური ჟანრის პროცესი, სადაც პროკურატურა წარადგენ იმ სიას, რომლებიც ვითომ მოწმეები არიან. ეს ის ადამიანები არიან, ვინც უკვე მისცეს ჩვენება და არასდროს უხსენებიათ ოქრუაშვილი. ყველამ იცის, რომ იგი ივანიშვილის პირადი პატიმარია",-აღნიშნავს ჩალაგაშვილი.
ბრალდებულის ადვოკატს მამუკა ჭაბაშვილს კი სასამართლო პროცესთან დაკავშირებით არაერთი კითხვა უჩნდება. ადვოკატი "ფორმულასთან" იმ გარემოებებზე საუბრობს, რითაც მართლმსაჯულების მხრინდა უკანონო გადაწყვეტილებები დასტურდება.
"15 წელია ამ საქმეს იძიებს პროკურატურა და სასამართლომ, ბრალდების წაყენების შემდეგ, ორი თვეც არ მოგვცა დაცვის მოსამზადებლად. არცერთი შუამდგომლობა არ დაგვიკმაყოფილა. როდესაც 2014 წელს საკონსტიტუციომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაუშვებელია ბრალდებული 9 თვეზე მეტი წინასწარ პატიმრობაში იყოს, ამის შემდეგ ორ სხვადასხვა საქმეზე ორი პატიმრობა შეეფარდებინოთ ვინმესთვის მსგავსი პრაქტიკა არ ყოფილა და ესეც ფეხ ქვეშ გათელეს",-აღნიშნავს მამუკა ჭაბაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ირაკლი ოქრუაშვილი ე.წ. გავრილოვის ღამეს განვითარებული მოვლენების შემდეგ დააკავეს.