logo
ENG



მოსამართლე, რომელიც 37 პირის საქმეს განიხილავს, წინსვლისთვის მურუსიძეს უხდიდა მადლობას

21 ნოე 201920:33
3 წუთის საკითხავი
 
t49aspp8l08wbt8.jpg

ახალბედა მოსამართლე  ვალერიანე ფილიშვილი, რომლის განაჩენითაც 10 ადამიანი ციხეში იმყოფება, ე.წ. მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის წევრად მოიაზრება. თბილისის საქალაქო სასამართლოში ის რამდენიმე თვის წინ გორიდან გადმოვიდა. ფილიშვილი 2016 წელს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 3 უარის შემდეგ, მეოთხე ცდაზე, გორის რაიონულ სასამართლოში მოსამართლედ გაამწესა. ფილიშვილს მოსამართლეობის მხოლოდ 3-წლიანი გამოცდილება აქვს.  კარიერის გარიჟრაჟზე, უვადო მოსამართლედ დაწინაურებული სასამართლოს სამდივნოს კონსულტანტი წინსვლისთვის პირადად მურუსიძეს უხდიდა მადლობას. მოსამართლის საჯარო პოსტები „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მხარდაჭერის გამომხატველია. 

18 ნოემბრის აქციის დარბევის დროს დაკავებულების საქმის განმხილველი მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილი განმარტებებს არ აკეთებს თუ რის საფუძველზე შეუფარდა პატიმრობა 10 პირს.  

ვალერიანე ფილიშვილის ე.წ. მოსამართლეთა კლანთან კავშირი უკვე გამოიკვლია არასამთავრობო სექტორმა, სადაც ფიქრობენ, რომ ფილიშვილის გორიდან თბილისში გადმონიშვნის მიზეზი მისი ეს კავშირებია და ის პოლიტიკური დავალებების შემსრულებელი მოსამართლეა. ვალერიან ფილიშვილი  მიხეილ ჩინჩალაძის თავმჯდომარეობის დროს უზენაეს სასამართლოში კონსულტანტად  მუშაობდა. საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარისთვის გაუგებარია, როგორ დაეწერა 37 დაკავებულის საქმე განსახილველად 1 მოსამართლემ. 

ჯერჯერობით უცნობია, როდის გაგრძელდება 18 ნოემბრის აქციის დარბევის დროს დაკავებულების  საქმეების განხილვა. დამკვირვებლები არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და იურისტები ეჭვობენ, რომ გადაწყვეტილებები ისევ წინასწარ დაწერილი იქნება. 25-მა ბრალდებულმა ამ დრომდე არ იცის როდის გამოიძახებს და შეუფარდებს პატიმრობას მათ მოსამართლე ფილიშვილი. 


close დახურვა