თბილისის საქალაქო სასამართლოში „მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას მორიგი პროცესი მიმდინარეობს. დღეს ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა დასრულდება. მათ შორის დაიკითხებიან ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი და შენობის მფლობელი, რომლის კერძო საკუთრებასთანაც რურუა დააკავეს. სავარაუდოდ, დღესვე დაიწყება დაცვის მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა.
სასამართლოში მივიდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც, რომლებიც აქციაზე გიორგი რურუასთან ერთად იმყოფებოდნენ. „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ რურუას იარაღი არ ჰქონია და მისი პატიმრობა პოლიტიკური მოტივით არის განპირობებული.
„კონკრეტულად იმ ღამეს, რომლის შემდეგაც ის დააკავეს, არაერთხელ მქონდა მასთან შეხება, შეხვედრა. ეს იყო ღამე, როდესაც მოჰქონდა შეშა. რა თქმა უნდა, არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი მას არ ჰქონია. უბრალოდ, საღ აზრს სცდება ამაზე საუბარი, მით უმეტეს, იმ ვითარებაში, სადაც მუდმივად იყო პოლიცია, შეხლა-შემოხლა, ჭიდაობა, მას ჰყავდა დაცვა და მოკლედ, ეს ყველაფერი სრული აბსურდია. ეს ყველაფერი კარგად იციან პროკურორებმაც, რომ მათ ჩაუდეს იარაღი, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ იმას, რომ გიორგი რურუა პოლიტპატიმარია“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
იმ ფაქტს, რომ რურუას იარაღი არ ჰქონია, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნუგზარ წიკლაურიც ადასტურებს. ის ამბობს, რომ რურუა მშვიდობიანად განწყობილი დემონსტრანტი იყო, რომელიც აქციის დანარჩენ მონაწილეებსაც სიმშვიდისკენ მოუწოდებდა.
„არასოდეს არ ყოფილა შემთხვევა, რომ ჩვენ გვესაუბრა რაიმე იარაღთან დაკავშირებით. აუცილებლად შევამჩნევდი, მას რომ ჰქონოდა იარაღი ამდენი ხნის განმავლობაში, როდესაც ვხვდებოდი. მე ვარ დარწმუნებული, რომ ის იყო სრულიად მშვიდობიანად განწყობილი დემონსტრანტი. ამასთანავე მინახავს, როგორ ეუბნებოდა ახალგაზრდებს, რომლებიც მონაწილეობდნენ აქციებში, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მშვიდობიანი იყოს აქცია და ხელისუფლებას არ მიეცეს არანაირი პროვოკაციის შესაძლებლობა“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილისგან რაიმე გარემოების გათვალისწინება მოსალოდნელი არ არის, რადგან ის დავალებას ასრულებს.
„სერიოზულად რომ შევაფასოთ, ეს ადამიანები იმყოფებოდნენ გიორგი რურუასთან ერთად სხვადასხვა ხანგრძლივობით საპროტესტო აქციაზე. გამოძიების ვერსიით, გიორგი რურუა საპროტესტო აქციიდან რომ ბრუნდებოდა სახლში, მაშინ იქნა დაკავებული ცეცხლსასროლი იარაღით. შესაბამისად, დაკავებამდე ამ ადამიანებს ჰქონდათ კონტაქტი და ბუნებრივია, ამ ადამიანს რომ ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონოდა, ისინი შენიშნავდნენ. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილი არაფერს გაითვალისწინებს. ის გაითვალისწინებს უბრალოდ იმას, რა დავალებასაც მის მიმართა გასცემენ“, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.