მოსამართლეებთან გასაუბრების პროცესში მონაწილეობას არც სტრატეგია აღმაშენებელი მიიღებს.
დღეს, 5 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში პარტია წერს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არსებული პრინციპით დანიშვნა ეწინააღმდეგება შარლ მიშელის დოკუმენტს.
პარტია მოუწოდებს ქართული ოცნების ხელისუფლებას:
1. შეასრულოს სასამართლო რეფორმასთან და მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით შარლ მიშელის დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულება
2. შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების განხილვის პროცესი
3. იურიდიული კომიტეტის ფორმატში შეიქმნას სასამართლო რეფორმების სამუშაო ჯგუფი და ამ ფორმატში მომზადებული და განხორციელებული სასამართლო რეფორმების შემდეგ დაიწყოს ახალი მოსამართლეების შერჩევის პროცესი.
29 ივნისს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი 9 მოსამართლის საკითხს განიხილავდნენ.
ოპოზიციამ დანიშვნის შეჩერება მოითხოვა. სხდომა ხმაურის და კამათის ფონზე წარიმართა, რასაც დეპუტატების პროტესტი მოჰყვა.
მათ განაცხადეს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლების არჩევის პროცესში არც სამუშაო ჯგუფისა და არც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში მონაწილეობას არ მიიღებენ.
17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა - მოსამართლეთა სია დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნა.
სია შემდეგნაირად გამოიყურება: გიორგი გოგიაშვილი; გოჩა აბუსერიძე; ლევან თევზაძე; ქეთევან მესხიშვილი; გიორგი შავლიაშვილი; რევაზ ნადარაია; ბიძინა სტურუა; ეკა ზარნაძე.
არასამთავრობო ორგანიზაციები წლებია, მიუთიუთებენ, რომ სასამართლო სისტემას ე.წ კლანი მართავს, რომელიც ხელისუფლების სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებს. სწორედ ამ მიზეზით ისინი, ისევე, როგორც საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეაჩეროს დანიშვნები უზენაეს სასამართლოში.
ეს პუნქტი ჩაიწერა შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებაში. მოგვიანებით რამდენჯერმე გააკეთა განცხადება აშშ-ის ელჩმაც. თუმცა, ხელისუფლება დანიშვნების პროცესს არ აჩერებს.
პარლამენტში უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატებს 6 ივლისიდან მოუსმენენ.
რა წერია შეთანხმებაში?
შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი შეთანხმების დოკუმენტით, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ სასამართლო რეფორმის გატარებამდე, რომელიც უნდა დაეფუძნოს ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის დასკვნას, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების მოქმედი წესით დანიშვნისგან.
ასევე, დოკუმენტის მიხედვით, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმირება, გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერების და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით. რეფორმა უნდა მოიცავდეს დანიშვნების, შერჩევის, დაწინაურების და დისციპლინარული ზომების სფეროსაც. რეფორმების შესაფასებლად მოთხოვნები შედგება და გაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს, მათი რეკომენდაციები კი სრულად უნდა იქნას გათვალისწინებული.