თბილისის საქალაქო სასამართლოში ეროვნულ ბიბლიოთეკასთან დაკავებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. "ფორმულას" კორესპონდენტის ინფორმაციით, 4 დაკავებული პირის პროცესი უკვე გაიმართა, თუმცა მოგვიანებით სხდომა საღამომდე გადადეს. აქედან 3 პირი მოძრაობა "გაბედეს" წევრია, ხოლო ერთი "ევროპული საქართველოს" წევრია. დაცვის მხარე ითხოვდა სასამართლო პროცესის გადადებას, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მხოლოდ 3 საათით გადადო.
„4 ადამიანის სასამართლო პროცესი მიმდინაროებდა. ვალერიან ფილიშვილი იყო მოსამართლე. მას ადრე სოციალურ ქსელში ედო ფოტო, „ქართული ოცნების“ მაისურით, თუმცა ახლა ეს ფოტო აღარ იძებნება. 36-ვე ახალგაზრდის საქმე მის ხელში მოხვდა, როგორც ეს უკვე "ქართულ ოცნებას" უნდა ვკითხოთ", - აცხადებს მოძრაობის ერთ-ერთი წევრი.
მოძრაობა "გაბედეს" კიდევ ერთი წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ახალგაზრდების წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო. "ივანიშვილის რეჟიმი არის გადასული ახალგაზრდების დევნაზე. სასამართლო არის პოლიტიკურ იარაღად გამოყენებული. ეს მოსამართლე გამოიტანს გამამტყუნებელს განაჩენს. ყველგან მივალთ სადაც იქნება, ყველგან შევარცხვენთ, ამიტომ ურჩევნია სამართლიანი განაჩენი გამოიტანოს“.
გარდა ამისა, "ლეიბორსტული პარტიის" წევრი ლაშა ჩხარტიშვილი, რომელიც დღეს დააკავეს, მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა და მისი პროცესი 19:00 საათისთვის გადადო. ამასთან, ჩხარტიშვილს 300-ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს.
აღსანიშნავია, რომ სასამართლოში ასევე იმყოფებოდნენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები.
"რეჟიმი შევიდა განვითარების უკანასკნელ სტადიაში, როდესაც რეპრესიები პოლიტიკური მართვის ფორმად იქცა. ახლა ხომ ხვდება ყველა რისთვის სჭირდებოდა ივანიშვილს საკუთარი სასამართლო. მან იცოდა, რომ დაკარგავდა მართვის ყველა ბერკეტს და ერთადერთ იმედად სასამართლო ხელისუფლებას ამზადებდა“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.