საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა კითხვების ეტაპზე მიმდინარეობს, ხმაური იყო.
მოსამართლემ დარბაზიდან კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია გააძევა.
"საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანული კანონის 32-ე მუხლის თანახმად გაძევებული ბრძანდებით, ბატონო ნიკა. გაძევებული ბრძანდებით და რას ნიშნავს გაძევება 32-ე მუხლში წაიკითხეთ", - თქვა მოსამართლემ.
ნიკა გვარამიას გაძევებამდე, ქართული ოცნების დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ სხდომაზე თქვა:
"ვინმესთვის უცნობია, რომ მურთაზ ზოდელავა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ადამიანია ან პაატა ბურჭულაძე?".
არჩილ გორდულაძის ამ განცხადებას პროტესტი მოჰყვა, მათ შორის, სიტყვიერი დაპირისპირება ნიკა გვარამიასა და არჩილ გორდულაძეს შორის, რის შემდეგაც, მოსამართლე ნადარაიამ ნიკა გვარამია სხდომათა დარბაზიდან გააძევა.
ამ გადაწყვეტილების შემდეგ, მაია კოპალეიშვილმა მოსამართლეს მიმართა:
"მე რატომ არ მაძევებთ? გამაძევეთ მეც. ეს იყო მიზანმიმართული ქმედება გვარამიას გაძევებაზე, პირდაპირ იყო დავალება ოცნებისგან, რადგან ოცნება ამას მიზანმიმართულად აღწევდა და თქვენ ეს განახორციელეთ. [...] ვერასდროს დავასრულებ თქვენს კრიტიკას", - მიმართა მაია კოპალეიშვილმა მოსამართლეს.
მაია კოპალეიშვილის განცხადების შემდეგ, მოსამართლემ მას დარბაზი დაატოვებინა.
"თქვენ ისეთი შეურაცხყოფა მიაყენეთ სასამართლოს, ისეთი შეურაცხყოფა მიაყენეთ, რომ სასამართლომ მიიღო დავალება ვიღაცისგან, რომ მე გამეძევებინა გვარამია, რომელსაც აქვს მუდმივი შენიშვნები. ქალბატონო მაია, ელემენტარული კულტურა არ გაქვთ იმის, რომ მისმინოთ. თქვენც გაძევებული ხართ", - მიმართა მოსამართლემ მაია კოპალეიშვილს.
