პარლამენტში კორექტირებული ბიუჯეტის განხილვა დღეს დასრულდება. ამის შემდეგ კანონპროექტი შენიშვნებით მთავრობას გადაეგზავნება. ოპოზიციაში ფინანსურ დოკუმენტს აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ის მოსახლეობის საჭიროებებს არ პასუხობს.
„უბრალოდ, ხედვის არარსებობის გამო, უპატრონოდ რჩება მძიმე სოციალურ ეკონომიკურ მდგომარეობაში ჩავარდნილი მოსახლეობა, რომელიც ელოდებოდა რეალურ დახმარებას სახელმწიფოსგან. ამის ნაცვლად, სახელმწიფო არ ამბობს უარს საკუთარ ფუფუნებაზე, გაბერილ ბიუროკრატიაზე, დასახარჯი საბიუჯეტო სახსრების მნიშვნელოვან შემცირებაზე. ასევე ვერ ამბობს უარს სხვადასხვა კორუფციულ თუნდა ინფრასტრუქტურული ხარჯების შემცირებაზე, იღებს სახელმწიფო ვალს და ამით ცდილობს იმ მიზერული დახმარების გაწევას, რომელიც შემდგომ კვლავ ამ გაღარიბებული მოსახლეობის გადასახდელი იქნება“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ.
პროექტს უარყოფითად აფასებენ პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატებიც. ლევან გოგიჩაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების მიდგომა უსამართლოა.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბიუჯეტი არის მორგებული მათ პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე და ეს არ არის ფუნდამენტურად ნაფიქრი, სტრატეგიაზე გათვლილი ბიუჯეტი. ვფიქრობთ, რომ ხელისუფლების მიდგომა არ არის სამართლიანი. ჩვენი წინააღმდეგობის გაწევის რესურსები ამ შემთხვევაში შეზღუდულია, რადგან ბიუჯეტის მიღებას სჭირდება იმდენი ხმა, რამდენიც მარტო ხელისუფლებას გააჩნია. ჩვენ ვეცდებით მაქსიმალურად გავაპროტესტოთ ის არასამართლიანი მიდგომები, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
საპასუხოდ, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციას სურს, მთავრობა ყველა მოქალაქეს თანაბრად დაეხმაროს.
„ოპონენტებისგან მოდის სხვადასხვა მოსაზრებები. მათ სურთ, რომ ყველას დავეხმაროთ, მიუხედავად იმისა, დაზარალდა თუ არა პანდემიის დროს. მათ შორის კულტურაში იყო მოსაზრება, რომ მეტი რესურსი გავუჩინოთ კულტურის მოღვაწეებს. ჩვენი ბიუჯეტი აწყობილია იმაზე, რომ ანტიკრიზისული გეგმა განხორციელდეს, მათ შორის ყველაზე მეტი დახმარება მოხდეს იმ სექტორებში, იმ მოქალაქეების, ვისაც ყველაზე მეტი ზარალი მიადგა“, - განაცხადა კაკაურიძემ.