რუსეთის პატრიარქი კირილი, რომელიც პუტინის პოლიტიკის მხარდამჭერი და გამტარებელია, ამბობს, რომ რუსეთი მშვიდობისმოყვარე ქვეყანაა.
მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, პატრიარქი კირილი მხარს უჭერს რუსული ჯარის ქმედებებს და არაფერს ამბობს მშვიდობიანი უკრაინელი მოსახლეობის ხოცვასა და ტანჯვაზე.
"ჩვენ მშვიდობისმოყვარე ქვეყანა და ძალიან ტანჯული ერი ვართ, რომელმაც იმდენი ომი გადაიტანა, რამდენიც ძალიან ცოტა ევროპულმა ქვეყანამ განიცადა. არ გვაქვს არავითარი სწრაფვა ომის, ან რამე ისეთისკენ, რაც სხვებს ზიანს მიაყენებს. მაგრამ ჩვენი ისტორიიდან ვიცით, რომ გვიყვარს ჩვენი სამშობლო და მზად ვართ, დავიცვათ ის ისე, როგორც მხოლოდ რუსეთს შეუძლია, დაიცვას". - თქვა პატრიარქმა კირილმა.
გათავისუფლებული კიევის რეგიონის ქალაქ ბუჩაში უკრაინის 300-ზე მეტი მოკლული მოქალაქის ცხედარი ნახეს. მოკლულთა დიდი ნაწილი მასიურ სასაფლაოზე იპოვეს, ნაწილი კი ქუჩებში. ზოგიერთ მათგანი დახვრეტამდე ხელშეკრული იყო.
ჯერაც ალყაშია მარიუპოლი, სადაც ხალხი სარდაფებში, შიმშილით და უწყლობით იხოცება. მათ ნაწილს რუსი ჯარისკაცები თავისივე სახლებში კლავენ.