logo
ENG



მოსკოვს დაქვემდებარებული ბელარუსის ეკლესია ორივე მხარეს ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

17 აგვ 202014:57
3 წუთის საკითხავი
clock 691
jyz7u1i49bb946q.jpg

ბელარუსის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია, დემონსტრაციებისა და საპროტესტო ტალღის ფონზე, მოსახლეობას სიმშვიდისა და დიალოგისკენ მოუწოდებს. სინოდის ოფიციალურ მიმართვაში ბელარუსის ეკლესია მოსახლეობას მოუწოდებს შეწყვიტოს დაპირისპირება და გააკეთოს ყველაფერი, ერთიანობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად.

ბელარუსის ეგზარქია დემონსტრანტების მხარეს არსებულ პროვოკატორებზეც საუბრობს, რომლებიც ქვეყნის დესტაბილიზაციას ცდილობენ და ხალხის გაერთიანებას უშლიან ხელს.

"პროვოკატორებს და წამქეზებლებს მოვუწოდებთ დაფიქრებისკენ და პროვოკაციების შეწყვეტისაკენ, რაც ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციისა და ხალხის დაყოფისაკენ არის მიმართული", - ვკითხულობთ სინოდის განცხადებაში.

სინოდის მიმართვაში დემონსტრანტების ცემის, იძულებისა და მკვლელობის ფაქტებზეც არის საუბარი.

"უკვე ცნობილია, რომ შეტაკებებისას ორი გარდაიცვალა და მრავალი დაიჭრა, მათ შორის, სამართალდამცველი უწყებების თანამშრომლები, რომლებიც ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას - ასევე შევიტყეთ ნაცემებისა და დასახიჩრებულების შესახებ წინასწარი დაკავების იზოლატორებში", - წერს სინოდი.

ბელარუსის მართლმადიდებელი ეკლესია ხელისუფლებას ძალადობის შეწყვეტისაკენ მოუწოდებს.

"ჩვენ გვჯერა და ვიმედოვნებთ, რომ ქვეყნის ხელისუფლება, რომელსაც სამართლიანად მოუწოდებენ საკუთარი ხალხის პატივისცემისა და დაცვისაკენ, შეწყვეტს ძალადობას, მოისმენს ჩაგრულთა და დემონსტრაციებზე დაშავებულ უდანაშაულოთა ხმას, ხოლო მხეცობისა და სისასტიკის ჩამდენ პირებს კი სამართლიან სასამართლოს გადასცემს ", - ვკითხულობთ განცხადებაში.

საბოლოოდ, ბელარუსის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდი ბელარუს ხალხს მშვიდობისა და ერთიანობისკენ მოუწოდებს.

"კატეგორიულად ვგმობთ ძალადობას, წამებას, დამცირებას, უსამართლო დაკავებებს, ექსტრემიზმს მისი ყველა ფორმითა და გამოხატულებით, ტყუილსა და ღალატს და მოვუწოდებთ ყველას, ვისთვისაც სამშობლო, ბავშვები, მოყვრები და მეგობრები მნიშვნელოვანია, შეაჩეროს და შეწყვიტოს დაპირისპირება", - წერია განცხადებაში.

9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცესკოს მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ლუკაშენკოს მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ 9.9% მოპოვება შეძლო. ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ, მოსახლეობა გარეთ გამოვიდა.

მომიტინგეები ოფიციალური ეგზიტპოლის შედეგებს აპროტესტებდნენ. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ათობით ადამიანი დაშავდა, 2 კი გარდაიცვალა.

ევროკავშირი ოფიციალური მინსკის წინააღმდეგ უახლოეს კვირებში სანქციების დაწესების შესახებ გამოაცხადებს. ორგანიზაცია ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს. 27 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეფასებით, არჩევნები არ ყოფილა სამართლიანი და გამჭვირვალე.


close დახურვა