მოსკოვში რუსი ოპოზიციონერი ილია იაშინი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ჟურნალისტი ირინა ბაბლოიანი ავრცელებს.
"ჩემს მეგობარ ილია იაშინთან ერთად ვსეირნობდით პარკში. მოვიდნენ პოლიციელები და წაიყვანეს ილია გაურკეველი მიმართულებით", - ამბობს ბაბლოიანი.
ადვოკატის ინფორმაციით, პოლიციამ სამართალდამცავისთვის დაუმორჩილებლობის ბრალდებით ოქმი შეადგინა. სასამართლო კი სავარაუდოდ დღესვე გაიმართება.
ილია იაშინი ერთ-ერთია იმ რამდენიმე წამყვანი ოპოზიციონერი პოლიტიკოსიდან, რომლებიც რჩებიან ქვეყანაში და ღიად გამოდიან ომის წინააღმდეგ. მან არაერთხელ განაცხადა, რომ რეპრესიების მუქარის მიუხედავად, არ აპირებს ქვეყნიდან წასვლას.
26 აპრილს მოსკოვის კრასნოსელსკის რაიონის საბჭოს ორს დეპუტატს რუსულ არმიაზე "ფეიკების" გამო ბრალი წაუყენეს. მარტის დასაწყისში დეპუტატების საბჭომ მიიღო განცხადება, რომელიც არ იზიარებს უკრაინაში "სამხედრო ოპერაციას". იაშინი ამ საბჭოს წევრია, რის გამოც მოწმედ დაკითხეს.