logo
ENG



მოსყიდვა, ძალადობა, გაბნეული ბიულეტენები - ხმების დაცვის შტაბში დარღვევებზე საუბრობენ

31 ოქტ 202015:32
3 წუთის საკითხავი
 
p0ztc7ytkaokh79.png

ამომრჩეველთა ხმების დაცვის შტაბში გამართულ ბრიფინგზე, ენმ - ძალა ერთობაშიას წევრმა პაატა დავითაიამ განაცხადა, რომ დარღვევები უამრავ ოლქში ფიქსირდება. ასევე, მისი თქმით, შტაბში შედის ინფორმაციები, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებზე თავდასხმის შესახებ. 

"ამომრჩეველთა ხმების დაცვის შტაბში მოდის ინფორმაციები, რომ დარღვევები გრძელდება. 

უპირველესად გრძელდება ფულის დარიგება. ეს ხდება არა მხოლოდ ბათუმში, არამედ უკვე ხაშურშიც, საბურთალოზეც.  

ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ზუგდიდის რაიონში 46-ე უბანზე საერთოდ მიყრილი არის ხელმოწერილი ბიულეტენები, რაც წარმოუდგენელია, ვინაიდან ჩვენ არ ვიცით, სად წავა ეს ხმები. 

ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ხმათა რაოდენობა ვაკის 27-ე უბანში არ ემთხვევა იმ სიას, რომელიც არის წარმოდგენილი. 

ყველაზე მძიმე, რაც ხდება, ეს არის თავდასხმები პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებზე, კერძოდ სტრატეგია აღმაშენებლის წარმომადგენლებზე განხორციელდა თავდასხმა, სადაც შსს-მა არაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეს ყველაფერი შეჩერებულიყო.

განხორციელდა თავდასხმა ლეიბორისტული პარტიის წევრებზეც და ჩვენ მალე გვექნება ვიდეოკადრები და ამასაც მოგაწვდით", - აცხადებს ენმ - ძალაერთობაშიას წევრი პაატა დავითაია. 

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა. გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე ვიდეოკადრები აჩვენა, რომელშიც ჩანს, როგორ ესხმიან სტრატეგია აღმაშენებლის წარმომადგენლებს. მისი თქმით, კიდევ ერთ ვიდეომასალაში ჩანს, თუ როგორ ანაწილებენ ქართული ოცნების წარმომადგენლები საარჩევნო უბნებთან კონვერტებით ფულს. 

"სამწუხაროდ, არჩევნები მიდის არნახული დარღვევებით. პირველ რიგში, მოვუწოდებ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, დაუყოვნებლივ მივცეთ გაფრთხილება ქართული ოცნების წარმომადგენლებს. ეს არის საარჩევნო მოროდიორობა, რაც ხდება საარჩევნო უბნებთან. მობილიზებული ხალხი, რომლებიც პირდაპირ კონვერტებით არიგებენ ფულს

 შსს, ბრიფინგს ბრიგინგზე რომ აკეთებს, პოლიციელი ტელეფონში იყურებოდა და არაფერს აკეთებდა და პარალელურად, ქართული ოცნების წარმომადგენლები, როგორ ესხმიან თავს ჩვენს წარმომადგენლებს", - ამბობს ვაშაძე. 

ფულს იღებს ადამიანი, მიდის შემდგომ საარჩევნო რიგში. ვიდეოში ჩანს მანქანაც, საიდანაც ნაწილდება კონვერტებით ფული და პირდაპირ, იქვე ითვლიან ფულს. ამის დაშვება არ შეიძლება, ეს არ არის არჩევნები, ეს არის პირდაპირ ფულით ყიდვა არჩევნების, საარჩევნო უბანზე. ეს ხდება მასობრივად, ძალიან ბევრ უბანზე. 

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საერთაშორისო დამკვირვებლებს, შეეხმიანონ ქართული ოცნების წევრებს და აღიკვეთოს მსგავსი ფაქტები", - განაცხადა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ. 

დღეს საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იმართება. 


close დახურვა