ქუთაისის N3 საჯარო სკოლის მასწავლებელს მის მოსწავლეზე ძალადობაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას EDU.ARIS.GE ავრცელებს. მე-3 კლასელი ბავშვის მშობელი, სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ მის შვილს თმა იმის გამო მოქაჩეს, რომ ბავშვს რვეულში ფურცელი გაუთავდა.
„მოვიდა ბავშვი და მაგიდაზე თმა დადო. თქვა რომ რვეულში ფურცელი გაუთავდა და ამის გამო მასწავლებელმა თმა ამოგლიჯა. მე უკვე გავგზავნე წერილები განათლების სამინისტროსა და შსს-ში, ასევე მივმართე სახალხო დამცველს. ვფიქრობ ფაქტს რეაგირება ექნება“, – აცხადებს მოსწავლის მშობელი.
თავად პედაგოგი, თამარ კუხიანიძე ბავშვზე ძალადობის ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ მოსწავლეს უბრალოდ უსაყვედურა.
N3 საჯარო სკოლის დირექტორი თამაზ ჭაბუკიანი კი აცხადებს, რომ საკითხს ამ ეტაპზე სკოლაში იკვლევენ და აღნიშნულზე ადმინისტრაცია და დისციპლინური კომიტეტი იმსჯელებს.