logo
ENG



მოქალაქეები თამარ ჟვანიას გადადგომის მოთხოვნით ცესკო-სთან საპროტესტო აქციას მართავენ

05 ნოე 202023:51
3 წუთის საკითხავი
 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ არჩევნები გააყალბა და ამის გამო, მან თანამდებობა უნდა დატოვოს.

ისინი ხელებს, ქვებსა და ხის ჯოხებს ურტყამენ რკინის კონსტრუქციაზე, რომელიც სამართალდამცველებმა ცესკო-სთან აღმართეს.

31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ქვეყანაში საპროტესტო ტალღა მოჰყვა. ოპოზიცია არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს, შედეგებს უნდობლობას უცხადებს, პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვს. დარღვევებზე, განსაკუთრებით ოქმებში არსებულ დისბალანსზე, რომელიც არჩევნების შედეგებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, არასამთავრობო ორგანიზაციებიც მიუთითებენ.

აქციები მიმდინარე კვირის განმავლობაში ხმების გადათვლის და საჩივრების დაკმაყოფილების მოთხოვნით, ქვეყნის მასშტაბით არაერთ საოლქო საარჩევნო კომისიასთან გაიმართა. ოპოზიციის მხარდამჭერები და წარმომადგენლები მთელი კვირაა აცხადებენ, რომ ოქმებში აღმოჩენილი მასშტაბური უზუსტობების მიუხედავად, კომისიები მათ მიერ შედგენილ საჩივრებს არ იხილავენ.

აღსანიშნავია, რომ უკლებლივ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, ცესკო-ს მიერ გამოცხადებული წინასწარი შედეგების გაპროტესტების საფუძველზე, პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა. ისინი პერმანენტულ მასშტაბურ აქციებს აანონსებენ. როგორც ცნობილია, ერთ-ერთი მასშტაბური საპროტესტო აქცია კვირას, 8 ნოემბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის შენობასთან გაიმართება.


close დახურვა