მოქალაქეები სიონში, ილია II-ის საფლავზე, დილიდან სანთლებითა და ყვავილებით იკრიბებიან. კათოლიკოს-პატრიარქის საფლავზე მისვლა მოქალაქეებს ყოველდღე, დილის 8:00-დან 20:00 საათამდე შეუძლიათ.
ილია მეორე სიონის საკათედრო ტაძარში გუშინ, 22 მარტს დაკრძალეს.
კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის ცერემონია სამების საკათედრო ტაძარში დილიდან მიმდინარეობდა. ტაძარში წირვა 09:00 საათზე დაიწყო.
სამების ტაძარში იმყოფებოდა კონსტანტინოპოლის – ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლად უწმინდესი ბართლომეოს პირველი, რომელმაც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად შეასრულა უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წესის აგების მსახურება.
მსახურების შემდეგ ტაძარში შეკრებილებს სიტყვით მიმართა მსოფლიო პატრიარქმა. სამების ტაძარში იმყოფებოდნენ სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები, ასევე წარმომადგენლები დიპლომატიური კორპუსიდან და დელეგაციები სხვადასხვა ქვეყნიდან.
ილია მეორე სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს და სიონის ტაძრამდე სამგლოვიარო პროცესია გაიმართა. კათოლიკოს-პატრიარქის სიონის ტაძარში დაკრძალვამდე საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სამგლოვიარო ზარები დაირეკა.
სრულიად საქართველოს 141-ე კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
