logo
ENG



მოქალაქის თქმით, რუსთავში სამართალდამცველებმა დააბეს და ცემეს

19 დეკ 201919:46
3 წუთის საკითხავი
 

სამართალდამცველების ძალადობა კიდევ ერთ მოქალაქეზე. რუსთავში პოლიციას შანტაჟსა და ზეწოლაში ადანაშაულებენ. იურისტი, მამუკა შაქარაშვილი პოლიციელებმა საკუთარ სახლში ხელბორკილებით  დააბეს, შემდეგ კი სცემეს. პოლიცია მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებოდა. დაზარალებული მკურნალობას ახლაც გადის. მისი სარჩელი სახელმწიფო ინსპექტორის აპარატში უკვე შესულია. უწყებამ გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო.

ყოფილი ადვოკატი ირწმუნება, რომ სამართალდამცველებმა მაშინ სცემეს, როდესაც მის ბინას ჩხრეკდნენ. ჩხრეკის დროს საკუთარ სახლში შესვლის უფლება  არ მისცეს, რასაც სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა. პოლიციელებმა დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს და როგორც შაქარიშვილი ამბობს, ბორკილებდადებულს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

შემთხვევა გუშინ, რუსთავში მოხდა. შაქარიშვილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლებმა დღეს საავადმყოფოში გამოკითხეს. ადვოკატი ჰყვება, რომ პოლიციელების ვინაობა არ იცის, თუმცა ამოცნობა შეუძლია.

პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მუხლით დაკავებული შაქარაშვილის სასამართლო პროცესი გუშინ გაიმართა. ის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.  საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იკვლევს. უწყებაში აცხადებენ, რომ დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. თუმცა უცნობია, მოხდა თუ არა პოლიციელების იდენტიფიცირება და გამოკითხეს თუ არა ისინი გამომძიებლებმა.

 

 


close დახურვა